ათეას ხელმძღვანელმა პირებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

2023-08-08

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის მერმა - კახა კალაძემ და ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

„15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენს შვილებს ბევრი უნდა ვესაუბროთ ამ გმირების შესახებ. დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა რაც გვაქვს, არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, ვალდებულება გვაქვს, დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, გავაერთიანოთ ქვეყანა და მჯერა, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„დღეს პატივს მივაგებთ ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ნათელ ხსოვნას, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. დღემდე რუსეთის მიერ ოკუპირებულია ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. აგვისტოს ტრაგიკულ დღეებს ჩვენს მებრძოლებთან ერთად მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ქედს ვიხრით სამშობლოსათვის დაღუპული ჩვენი გმირების წინაშე,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.