ევროსაბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა

2023-07-05

ევროპის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით, პროექტის -„მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

შეხვედრაში, პროექტის ორგანიზატორებთან ერთად, სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და ათეას წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროსაბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტეფან სირბუმ და ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდერ კარნერმა.

შეხვედრის პირველი ნაწილი პროექტის განხორციელების შესახებ მსჯელობას დაეთმო. ევროპის საბჭოს სტრასბურგის ოფისის პროგრამის უფროსმა მრჩეველმა, კორნელია პერლემ და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსმა - მარიტე მორასმა დეტალურად ისაუბრეს პროექტის მიღწევებსა და პერსპექტივებზე.

ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლაშა არჩვაძემ კი, დამსწრე საზოგადოებას, 2020 წლიდან დღემდე, ასოციაციის მიერ, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ლაშა არჩვაძის განცხადებით, ათეაში ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის საკითხზე შეიქმნა კომიტეტი, რომელმაც უკვე შეიმუშავა ადამიანის უფლებათა დაცვაში მუნიციპალიტეტის როლის გაზრდის 2023-2025 წლის სტრატეგია. მისივე განმარტებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ექსპერტების მიერ გაუმჯობესდა ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობისა და სოციალური მომსახურების გაწევის სამართლებრივი ბაზა.

,,წევრი მუნიციპალიტეტების მხარდასაჭერად მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ლოკალიზაციის ონლაინ რესურს-ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი. ათეას ექსპერტების მიერ მომზადდა ანალიზი ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის განმარტებითი ანგარიში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების სტანდარტის შესახებ მასალები. ასევე შემუშავებულია გზამკვლევი მუნიციპალური პერსონალისთვის, რომლებიც მუშაობენ სოციალურ უფლებებზე. ამჟამად ვაგრძელებთ მუშაობას დისკრიმინაციის ყველა ფორმის პრევენციის შესახებ საქართველოს კანონის განმარტებით ანგარიშზე, რომელიც მზად იქნება წლის ბოლომდე,“ - განაცხადა ლაშა არჩვაძემ.

ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ასევე ასოციაციის მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაზე, რომელსაც ახალი თემა „ადამიანის უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული ზომების აღსრულება ადგილობრივ დონეზე“ შეემატა.

პროექტის ფარგლებში, საკუთარ მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს რუსთავისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერებმა და ასევე, ახმეტის, მარნეულის, ონისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი ესწრებოდა, რომელმაც პროექტის აქტივობები მიმოიხილა და აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ჩართულობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე საქართველოში. პროექტი ხელს უწყობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ისე მოქალაქეებს, ჰქონდეთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

პროექტი, ასევე მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ პოლიტიკასა და სტრატეგიებში ადამიანის უფლებათა სტანდარტების, პრაქტიკისა და გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თვალსაზრისით.

პროექტი - „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისა და დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ, ათეასთან თანამშრომლობითა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.