ქართულმა დელეგაციამ პოტსდამში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2023-07-04

გერმანიის ქალაქ პოტსდამში მაღალი დონის კონფერენცია -  „რეგიონული და ადგილობრივი დონის ხელისუფლების საპასუხო ქმედება კლიმატის ცვლილებაზე - წვლილი ადამიანის უფლებების დაცვაში“ გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი დელეგაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენელი ოთარ გრიგოლია, ჩართულნი იყვნენ დებატებში, სადაც რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, კლიმატის ეფექტური დაცვის პროცედურული ასპექტები განიხილებოდა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე ლევან ჟორჟოლიანმა გააკეთა მოხსენება თემაზე - „მწვანე დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე - თბილისის გამოცდილება“.

როგორც ათეას წარმომადგენელმა აღნიშნა, კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნულ მთავრობებს  გლობალური ვალდებულებები აქვთ აღებული, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებაზე ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. მისივე თქმით, მზარდი კლიმატური კრიზისი საფრთხეს უქმნის ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიცაა  სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ოჯახური ცხოვრებისა და საცხოვრებლის უფლება.

მოხსენებაში ლევან ჟორჟოლიანმა, „მწვანე ტრანსფორმაციის" მიმართულებით 2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

„ვინაიდან საქართველო მიისწრაფვის გახდეს ევროკავშირის წევრი, ქვეყანა განაგრძობს რეფორმების გატარებას ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სხვადასხვა მიმართულებით, „მწვანე დღის წესრიგის“ მიზნები ქვეყნის პრიორიტეტებს შორისაა. თბილისის მუნიციპალიტეტმა განახორციელა რეფორმა, რომლითაც სივრცითი მოწყობისა და ურბანული განაშენიანების პროცესში, რომელიც მოიცავს ქალაქის ეკონომიკის ყველაზე მსხვილ ინდუსტრიას, ერთმანეთს დაუკავშირა გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და ურბანული სერვისები.  თბილისმა მიიღო 10-წლიანი გეგმა ჰაერის დაბინძურების პრევენციისთვის. ასევე ქალაქის საკრებულომ დაამტკიცა „საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების 2021–2023 წლების პროგრამა,“  -  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

თბილისის საკრებულოს წევრმა, ასევე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტმა 2019 წელს მიიღო. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მთავარ პრინციპს „მწვანე ქალაქის“ განვითარება წარმოადგენს.

„ჩვენი მთავარი მიზანია მედეგი ქალაქისთვის საფუძვლის შექმნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება. საქართველო არის ქვეყანა მზარდი ეკონომიკით, რომელიც ცდილობს დააბალანსოს კერძო და საზოგადოებრივი ინტერესები, შექმნას ჯანსაღი და ფინანსურად სტაბილური საცხოვრებელი გარემო ქვეყანაში და მის მუნიციპალიტეტებში,“  -  აღნიშნა ათეას წარმომადგენელმა.

​კონფერენციის მონაწილეებმა დღესვე, გარემოსდაცვითი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით, კონგრესის როლზე ისაუბრეს და  სხვადასხვა ქვეყნებში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული  კლიმატის დაცვის პროექტები მიმოიხილეს.

ქართული დელეგაცია, ასევე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 4 ივლისს გაიმართება.