ლევან ჟორჟოლიანმა კონგრესის ,,მედია ბოქსთან" გარემოს დავცის საკითხებზე ისაუბრა

2023-03-23

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 44-ე პლენარული სესიის შემდეგ, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასევე ათეას აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრმა - ლევან ჟორჟოლიანმა, კონგრესის “მედია ბოქსის” ჟურნალისტის მიერ აღებულ ინტერვიუში, გარემოს დაცვის საკითხებზე, სტრატეგიასა და ამ მიმართულებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა ინტერვიუში განაცხადა, ადგილობრივ თვითმმართველობასა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფას შორის ძალიან მჭიდრო კავშირია, რადგან აღსრულების ნაწილში პასუხისმგებლობა სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობაზე მოდის.

​ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების უკეთ სამართავად, მეტი ფინანსური და ფუნქციონალური რესურსი სჭირდება და განმარტა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის საჭიროა, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას“ პროტოკოლი დაემატოს, რითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს პრობლემებთან გასამკლავებლად მეტი რესურსი და ფინანსური შესაძლებლობა გაუჩნდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისეთი საკითხების კიდევ უფრო ეფექტურად სამართავად, როგორებიცაა კლიმატური ცვლილებები, ურბანული დაგეგმარება, ნარჩენების მართვა, ტრანსპორტი და სხვა, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მეტი ფინანსური შესაძლებლობები გაუჩნდეთ. ამ მხრივ, თბილისის საკრებულოში სიახლეები გვაქვს. საქართველოში იყო დრო, როდესაც ეკონომიკური ზრდა არ იყო კავშირში გარემოს დაცვასთან, მაგრამ 2012 წლიდან სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ახლანდელმა ხელისუფლებამ, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვის კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. თბილისი წარმოადგენს კარგ მაგალითს, თუ როგორ შეუძლია ქალაქს, ჰქონდეს საკუთარი „მწვანე პოლიტიკა”. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წარმატებული და სხვა მუნიციპალიტეტებისთვის სამაგალითო შემთხვევა“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

იხილეთ ვიდეო