ათეასა და ევროსაბჭოს ორგანიზებით, ღონისძიება ,, ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკა და პრაქტიკა-ადგილობრივ დონეზე" “ მოეწყო

2023-02-23

ანტიდისკრიმინაციული პრინციპების დაცვის მიმართულებით, მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების დაძლევისა და კარგი პრაქტიკების გაზიარების მიზნით, უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით, მასშტაბური შეხვედრა გაიმართა. 

ღონისძიება, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით მოეწყო და მასში, პროექტის - ,, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“  13 სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის აპარატის  წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან- მეთიუ მორისთან და ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტთან - გიორგი ტყემალაძესთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა - ნიკო თათულაშვილმა, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა - თამარ გვარამაძემ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდერ კარნერიმ.

გამომსვლელებმა კარგი მმართველობის უზრუნველყოფის კუთხით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ევროსაბჭოსა და ათეას, როგორც მუნიციპალიტეტების გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაციის ჩართულობას გაუსვეს ხაზი.

ღონისძიების გახსნით ნაწილში, მომხსენებლებმა, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხების მიმართულებით, საქართველოში  განხორციელებულ ღონისძიებებზეც გაამახვილეს ყურადღება და გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ისაუბრეს, რაც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვას უზრუნველყოფს.

პირველი სესია თანასწორობის, ინკლუზიისა და ანტიდისკრიმინაციის საკითხებზე არსებული ძირითადი კონცეფციების, კარგი პრაქტიკებისა და კონკრეტული ღონისძიებების პრეზენტაციებს დაეთმო, რის შემდეგაც, დამსწრე საზოგადოებას სახალხო დამცველის ოფისის მიერ შემუშავებულ სერტიფიცირებულ ელექტრონულ კურსზე მიეწოდა ინფორმაცია.

მეორე სესიაზე კი, მონაწილეებმა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განვითარების მიზნით, შესაბამისი მონაცემების შეგროვებასა და ადგილობრივ დონეზე ანტიდისკრიმინაციული პრინციპების მეინსტრიმინგზე იმსჯელეს და ექსპერტების ჩართულობით, კარგი მმართველობისა და სერვისის მიწოდების საკონტროლო სია შეაფასეს, რომელიც 2022 წლის ივნისში ჩატარებული ღონისძიების -,, საზაფხულო სკოლა“ ფარგლებში შემუშავდა.

დღესვე, ბათუმის, ზუგდიდისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, კოლეგებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კარგი მაგალითები წარუდგინეს. შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა საუკეთესო საერთაშორისო  პრაქტიკებსა და შესაბამისი ადვოკატირების კამპანიებზეც, რაც აღნიშნულ  პროცესში კერძო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობას გულისხმობს.

ბოლო სესიაზე კი, ადგილობრივ დონეზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების საკონტროლო სიის წინასწარ შემუშავებულ ნიმუშზე იმსჯელეს, რომელსაც  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სოციალური ინკლუზიის, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მონაწილეობის შესახებ პოლიტიკის შემუშავებისა და გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დოკუმენტი, რომელიც ყველა კომპონენტს მოიცავს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს ეყრდნობა და ადგილობრივ კონტექსტსა და დეტალებს ითვალისწინებს.

ღონისძიება ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ  და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სამდივნოს წარმომადგენელმა - ჯულია ნაზონმა შეაჯამეს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეხვედრა პროექტის -“საქართველოში ადგილობრივ დონეზე ​მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

 

ფოტო გალერეა