ათეას წარმომადგენლებმა ასოციაციის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

2023-01-31

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ აღმასრულებელი საბჭოს რიგით XLIII სხდომა გამართა, რომელსაც ათეას ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.

სხდომის მონაწილეებმა ორგანიზაციის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი მოისმინეს და 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

ფინანსური დოკუმენტი დამსწრე საზოგადოებას ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია ღვინაშვილმა დეტალურად გააცნო.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განმარტა, ასოციაციის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, თვითმმართველობების მხარდაჭერა წარმოადგენს, შესაბამისად, ფინანსურ დოკუმენტში წარმოდგენილი პარამეტრები აღნიშნული მიმართულებით არსებული ღონისძიებების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

ნათია ღვინაშვილის განცხადებით, ათეას ბიუჯეტი 2023 წლიდან გენდერულად მგრძნობიარეც გახდება და ფინანსური ძალისხმევა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემატური ღონისძიებების დაფინანსებისკენ იქნება მიმართული.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ოქტომბრიდან, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციის (CORLEAP) თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა და ორგანიზაციის მომდევნო ღონისძიებათა დიდი ნაწილი საქართველოშია დაგეგმილი. მიმდინარე წელს, საქართველო, ასევე უმასპინძლებს ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) სხდომასაც.

ათეას 2023 წლის ფინანსურ დოკუმენტს აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.