საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების რიგით მეოთხე ფორუმზე მოხსენებით წარდგნენ

2022-12-02

საქართველოს დელეგაციამ, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების რიგით მეოთხე ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ბრიუსელში გამართულ ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, ათეას აღმასრულებელ დირექტორთან - დავით მელუასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა - ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტმა - ნინო რუხაძემ და ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა - ლევან ჟორჟოლიანმა.

ფორუმის მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მდგრადი განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე და განსაკუთრებული აქცენტი დეცენტრალიზაციის რეფორმასა და მწვანე პოლიტიკის შედეგების მნიშვნელობაზე გააკეთეს.

დღევანდელ შეხვედრაზე, მომხსენებლებმა, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონში არსებული მდგომარეობაც შეაფასეს.

ნინო რუხაძემ სიტყვით გამოსვლისას უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა და ფორუმის ორგანიზატორებსა და ევროკავშირს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი. ჩვენ გვესმის, რომ ევროპაში გეოპოლიტიკური ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რამაც ახალი მოთხოვნების წინაშე დაგვაყენა. აღნიშნული კი, ყველა არსებული თანამშრომლობის ახალ ფორმატებს გვკარნახობს. ახალი მოთხოვნაა, რომ ევროკავშირმა მოიპოვოს უფრო მყარი დასაყრდენი სამეზობლოში და ასევე, დააჩქაროს აღმოსავლელი პარტნიორების - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი“, - განაცხადა ნინო რუხაძემ.

CEMR-ის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ადგილობრივი ხელისუფლების როლზე და მის ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ ევროპულ ასპარეზზე მუნიციპალიტეტების გააქტიურება, მხოლოდ ეფექტიანი დეცენტრალიზაციის ძალისხმევით მიიღწევა, რაც პირველ რიგში, ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებას გულისხმობს.

დეცენტრალიზაციის შესახებ გამართულ სესიაში ჩაერთო ათეას აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური სრულყოფის პროცესში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას დეცენტრალიზაციის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ლევან ჟორჟოლიანმა კი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მწვანე დღის წესრიგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ გარემოსდაცვითი დღის წესრიგის მიზნებს ქვეყნის პრიორიტეტებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

“2012 წლიდან საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები „გარემოსდაცვითი გარდაქმნის“ მიმართულებით. მწვანე დღის წესრიგი ხელისუფლების ყველა დონეზე მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ეს მიდგომა ასახულია იმ სამართლებრივ აქტებში, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მიზანია გახდეს ევროკავშირის წევრი, ხელისუფლება კვლავ აგრძელებს რეფორმებს. საქართველომ ახლახან მიიღო სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი,რომლის სამოქმედო გეგმაც 5 ძირითად მიმართულებას - დეკარბონიზაციას, ენერგო ეფექტურობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, შიდა ენერგეტიკულ ბაზარს, კვლევას, განვითარებასა და ინოვაციას მოიცავს,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა და რეფორმების გატარების პროცესში, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო დონორების ჩართულობისა და მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

დღესვე, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს წამყვან ქალაქებში დანერგილ მიდგომებზე და განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც გარემოსდაცვის მიზნებისთვის ხორციელდება.

ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე ფორუმში, ევროპის ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერები, ასევე, ევროკომისიის, ევროპის საბჭოს, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს, ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების საკონსულტაციო პლატფორმის (PLATFORMA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიება ნინო რუხაძემ, მოლდოვის ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესის აღმასრულებელმა დირექტორმა - ვიორელ ფურდუისმა და ევროპის კომიტეტის წარმომადგენელმა - დაინის ტურლაისმა შეაფასეს და ფორუმის მონაწილეებთან ერთად, სამომავლო გეგმებზე შეჯერდნენ.