სამუშაო შეხვედრა, SDG - ის ლოკალიზაციისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით

2022-11-09

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნულმა კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც SDG - ის ლოკალიზაციისა და შესაძლებლობების გაძლიერების თემებზე მსჯელობას დაეთმო.

ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, დარგის ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას, ძირითადი აქცენტები აღნიშნულ პროცესში ადგილობრივი დონის ჩართულობის მეთოდოლოგიაზე გაკეთდა.

ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოში SDG-ის ლოკალიზაციის პროცესი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. საბოლოო მიზნის მისაღწევად კი, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან ერთად, გადამწყვეტი როლი აკისრიათ ეროვნულ ორგანიზაციებს, რომლებიც თვითმმართველი ერთეულების ინტერესების დაცვასა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე არიან ორიენტირებულნი.

,, 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, აუცილებელია, რომ აღნიშნულ პროცესში, დაინტერესებული მხარეები ყველა დონიდან იყვნენ ჩართულნი. შესაბამისად საქართველოს SDG საბჭოს მიერ შემუშავებული ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობას საშუალება ეძლევა, წვლილი შეიტანოს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში.
იმის მიუხედავად, რომ მუნიციპალიტეტები, საკუთარ პროგრამებსა თუ სერვისებში ისედაც პასუხობენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილს, პროცესის სისტემატიზაციისთვის აუცილებელია თანმიმდევრული მიდგომა, რაც ადგილობრივ დონეზე ცნობიერების ამაღლებას, ადგილობრივი ინსტიტუციური და სამართლებრივი სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და SDG-ის საბჭოებსა და საკონსულტაციო პროცესში ჩართულობას გულისხმობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან“-განაცხადა ნათია ღვინაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები, ასევე საქართველოს SDG-ის საბჭოს მრავალდონიან მექანიზმად ადაპტაციის მხარდაჭერის მიზნით, შემუშავებული ანგარიშის სამუშაო ვერსიას გაეცნენ, რის შემდეგაც, საქართველოში მდგრადი განვითარების ამჟამინდელი ინსტიტუციური სტრუქტურა და SDG საბჭოში ადგილობრივი ხელისუფლებისა და დაინტერესებული მხარეების ინტეგრაციის ძირითადი ასპექტები მიმოიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა, დღესვე, მდგრადი განვითარების უფროსი კონსულტანტისგან - პიტრიკ ოოსტერჰოფისგან, ცენტრალურ მთავრობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის ათეასთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე შექმნილი ანგარიშიც მოისმინეს და აღნიშნული მიმართულებით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრას, ერთი თვის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ გამართული ღონისძიება უძღოდა წინ.

ოთხდღიან ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში, რომელიც SDG 2030 დღის წესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ანგარიშების გაცნობასა და მისი მიზნების ადგილობრივ დონეზე დანერგვას ითვალისწინებდა, ნათია ღვინაშვილი, საქართველოს, ბელორუსიის, კოსოვოს, ყირგიზეთის, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

სამუშაო ჯგუფის შემდეგი ვიზიტი, მიმდინარე თვის ბოლოს გერმანიაშია დაგეგმილი, სადაც მონაწილეები კიდევ უფრო დეტალურად განიხილავენ 2030 დღის წესრიგის საკითხებს და საკუთარი ქვეყნების პერსპექტივიდან სამომავლო თანამშრომლობის გზებზე შეჯერდებიან.