საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 43-ე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

2022-10-27

სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა 43-ე სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოდან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ წარდგენილი დელეგაცია იღებდა მონაწილეობას.

ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრის - ლევან ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, დელეგაციის წარმომადგენლებმა - ასოციაციის პირველმა ვიცე - პრეზიდენტმა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, თბილისის, სენაკისა და ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებმა - ოთარ გრიგოლიამ, სევდია უგრეხელიძემ და თათია ნიკოლაშვილმა, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა - ირაკლი ჭეიშვილმა, კონგრესის გენერალური მდივნის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და კოლეგებთან ერთად, სესიაზე წარმოდგენილი სხვადასხვა თემების ირგვლივ გამართულ დისკუსიებში, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერ დებატებში ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ სესიაზე საქართველოს ინიციატივით წარდგენილ რეკომენდაციებზეც იმსჯელეს, რომელიც ანგარიშში, სახელწოდებით ,,ფუნდამენტური უფლება გარემოზე: მსჯელობის საკითხი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის“, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, რეზოლუციის სახით იქნა მიღებული.

ანგარიში, რომელშიც საერთაშორისო დონეზე გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემებია წარმოდგენილი და განხილული, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში, კლიმატის ცვლილებებით წარმოქმნილ გამოწვევებს შეეხება.

უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტში, ჯანსაღ გარემოზე მისაწვდომობა და მისი დაცვა, განხილულია, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება, მაშინ როდესაც, არაერთი ქვეყნის კონსტიტუციასა თუ სხვა სამართლებრივ აქტებში, აღნიშნული საკითხი არაა დეკლარირებული ფუნდამენტურ უფლებად. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა და რომლის გამოცდილებაც, აღნიშნულ ანგარიშში, საუკეთესო მაგალითის სახითაა წარმოდგენილი.

ლევან ჟორჟოლიანი, აღნიშნული საკითხის განხილვისას, დამსწრე საზოგადოების წინაშე, იტალიის წარმომადგენელთან - კასტელ მაჯიორესთან ერთად, თანამომხსენებლად წარსდგა.

მისი განცხადებით, გარემოს დაცვის მიმართულების გაძლიერების მიზნით, სწორედ საქართველოს ინიციატივის საფუძველზე დაიწყო ინტენსიური მსჯელობა და შედეგად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ახლახან მიიღო რეკომენდაცია ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის შესახებ.

„აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სასურველია, სუფთა, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოზე მისაწვდომობის უფლება, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ, ეროვნული კანონმდებლობის დონეზე იყოს წარმოდგენილი. კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლების ყველა დონის საერთო პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, ჯანსაღი პლანეტის ხელშეწყობის მიზნით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულებაში, ცენტრალური ხელისუფლების მთავარ პარტნიორებს, სწორედ რეგიონები და მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ“,-განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ევროპის საბჭოს კონგრესში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კონგრესის თანამშრომლობის შესახებ გამართულ დისკუსიაშიც ჩაერთო და ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და კონგრესის თანამშრომლობის შესახებ, ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

აღნიშნულ დისკუსიაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანიც იღებდა მონაწილეობას, რომელმაც საქართველოსა და ევროსაბჭოს კონგრესის წარმატებულ თანამშრომლობაზე, აღნიშნულ პროცესში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე კონგრესის ყოფილ გენერალურ მდივანს - ანდრეას კიფერს, დელეგაციის სახელით, პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ ანდრეას კიფერი, აღნიშნულ თანამდებობაზე, საფრანგეთის წარმომადგენელმა - მეთიუ მორიმ ჩაანაცვლა, რომელიც 2014-2020 წლებში ევროპული რეგიონების ასამბლეის (AER) გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა.

სამდღიან შეხვედრაში, რომელიც კონგრესის პრეზიდენტმა - ლეენდერტ ვერბეეკმა გახსნა, სხვა თემებთან ერთად, წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის საკითხები და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები განიხილეს.