დავით მელუამ CEMR/PLATFORMA-ს საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

2022-05-05

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოსა (CEMR) და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) მიერ ბრიუსელში გამართულ საორგანიზაციო კომიტეტის ორდღიან შეხვედრში მიიღო მონაწილეობა.

სხდომის პირველი დღე, რომელიც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა - ფაბრიციო როსიმ გახსნა, მსოფლიოში ადგილობრივი დემოკრატიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრიორიტეტებზე მსჯელობას დაეთმო.

სხდომის მონაწილეებმა, ასევე ევროკომისიასთან თანამშრომლობაზე და კონსულტაციის გზებსა და პროცედურებზე ისაუბრეს და "პლატფორმის" სამომავლო პოლიტიკისა და დეცენტრალიზებული თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებებზე იმსჯელეს.

შეხვედრას, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პასუხისმგებელი პირები, ასევე, ევროპის კავშირის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური სხდომა დაეთმო უკრაინაში არსებულ ვითარებას და მიზნობრივი დახმარების აღმოჩენის საჭიროებას, როგორც ომის, ასევე ომის შემდგომ სიტუაციაში.

დავით მელუამ, სიტყვით გამოსვლისას ფართოდ ისაუბრა საქართველოს და განვითარებად ქვეყნებში არსებულ საჭიროებებზე, ევროპის კავშირის დახმარების როლზე დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის და ევროპის კავშირის, როგორც უსაფრთხოების და კეთილდღეობის ინსტრუმენტის შემდგომი გაფართოების საჭიროებებზე.

მანვე, ხაზი გაუსვა ქართული მუნიციპალიტეტების თანადგომას უკრაინული ქალაქებისა და რეგიონების, ასევე უკრაინელი ხალხის მიმართ და დააფიქსირა სოლიდარობის მაღალი დონე ქართულ საზოგადოებაში.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე ევროპის კავშირის საერთაშორისო დახმარების ეფექტიანობის ამაღლებისთვის.

დავით მელუამ, აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ევროპის კომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა დირექტორატის (DG NEAR) მიერ გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაში.

5 მაისს კი, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) ორგანიზებით, აღმოსავლეთ პლატფორმის საკონსულტაციო სექციის სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ თვითმმართველობათა ასოციაციების წარმომადგენლები -უკრაინიდან, მოლდოვიდან, ბალკანეთის ქვეყნებიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ბასკეთიდან (ესპანეთი) და ბელგიიდან.
შეხვედრში, ასევე ჩართული იყო სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დირექტორატის ხელმძღვანელობა და ევროპული პლატფორმის სამდივნო.

დავით მელუამ, დამსწრე საზოგადოებას დეცენტრალიზაციის მიმართულებით, საქართველოში არსებული ვითარება გააცნო და ისაუბრა ადგილობრივი განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე, მიღწევებსა და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე. მანვე, დეცენტრალიზაციის პროცესში ასოციაციის ჩართულობას გაუსვა ხაზი და ფართოდ მიმოიხილა ის საერთაშორისო პროექტები, რომლებიც საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. საუბარი შეეხო ისეთ კონკრეტულ პროგრამებს, როგორიცაა ტერიტორიული განვითარება, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ქართული გამოცდილება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში.

ათეა-ს წარმომადგენელი, ასევე წარუძღვა სპეციალურ სხდომას, სადაც განხილული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საჭიროებები.

ამავე სხდომაზე უკრაინის ქალაქთა კავშირის (AUC) და მოლდოვას თვითმმართველი ერთეულის ფედერაციის (CALM) წარმომადგენლებმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას საკუთარი ქვეყნის მუნიციპალიტეტების საჭიროებები წარუდგინეს და ევროპის კავშირის დახმარების პრიორიტეტებზე ისაუბრეს.