ბრიუსელში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზურაბ აბაშიძე „CORLEAP“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

2022-05-24

ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - ზურაბ აბაშიძემ, ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაში (CORLEAP) მიიღო მონაწილეობა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს წარმომადგენელი რეგიონთა კომიტეტის ოფისსაც ეწვია, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული კონფერენციისა და ევროპული საგარეო საქმეთა სამსახურის (EEAS) წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა „CORLEAP“-ში მონაწილეობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.

ზურაბ აბაშიძემ  უკრაინის საკითხებზე ევროპის რეგიონთა კომიტეტის (CoR) სამუშაო ჯგუფის შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, ჯგუფის ხელმძღვანელს, ქალაქ გდანსკის მერს - ალექსანდრა დულკიევიჩსა და ევროკავშირში უკრაინის მისიის ხელმძღვანელს-ვსევოლოდ ჩენცოვს შეხვდა.

გდანსკის მერმა სამუშაო ჯგუფის  შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საუბრისას, ზურაბ აბაშიძეს შეხვედრაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2022 წლის ოქტომბრიდან ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

 „CORLEAP“-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი. ყოველწლიური როტაციის მიხედვით, თანათავმჯდომარის სტატუსს, ამჯერად საქართველო გადმოიბარებს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა, მასში მონაწილე ქართული დელეგაციის ახალი შემადგენლობა კი, ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა.