ათეა-ს ორგანიზებით, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების ეროვნული პლატფორმის მეორე სესია გაიმართა

2021-11-30

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების ეროვნული პლატფორმის მეორე სესია გაიმართა.

შეხვედრა, რომელიც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამ, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თავმჯდომარესთან - გიორგი ძნელაძესთან და MAC Georgia-ს წარმომადგენელთან - მაია ბაგრატიონთან ერთად გახსნა, USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე მსჯელობას დაეთმო.

კერძოდ, სესიის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებში დაფუძნებულ ცენტრებში არსებული მდგომარეობა და პროგრამის ის მექანიზმები მიმოიხილეს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის აუცილებელი სათემო სოციალური სერვისების ინტეგრირების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

დღევანდელ შეხვედრაზე, თანადაფინანსების საპროექტო წინადადებებიც განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

სესია, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, პროგრამის ხელმძღვანელმა, MAC Georgia-ს წარმომადგენელმა - ტეილერ გრინმა შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში წარიმართა და მას USAID-ის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ როსებაშვილი ესწრებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დამოუკიდებელი ცხოვრების ორწლიანი პროგრამა, რომელიც ორგანიზაციების კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ასევე მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC) პარტნიორობითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) თანამშრომლობით ხორციელდება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი მომსახურების მიწოდების გზით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებს - ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი და ლაგოდეხი წარმოადგენენ.