ათეა-ს ინიციატივით, თემატური ჯგუფის შეხვედრა - „მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა სოციალური მომსახურების მიწოდებაში“ გაიმართა

2021-11-24

 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიციატივით, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთათვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელიც სოციალური პროგრამების განხორციელების კუთხით, თვითმმართველობის როლის გაზრდის ხელშეწყობაზე მსჯელობასა და საუკეთესო მაგალითების გაზიარებას დაეთმო.

შეხვედრა, რომელშიც ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან ერთად, ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, UNDP -ის პროექტის წარმომადგენელთან - ანა ქებაძესთან ერთად გახსნა.

გამომსვლელებმა მუნიციპალური სერვისების მიწოდების მიზნით, ქვეყანაში აპრობირებული მიდგომების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს, როგორც 64-ვე მუნიციპალიტეტის გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაციის ჩართულობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრის პირველ ნაწილში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა, რომელიც ღონისძიებას ფასილიტაციას უწევდა, მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავების პრაქტიკაზე დეტალურად ისაუბრა  და იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც პროგრამების დაგეგმვას უკავშირდება.  

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტების მიერ სოციალური პროგრამების განხორციელების გზებზე იმსჯელეს და საკუთარ თვითმმართველ ერთეულებში არსებული კარგი მაგალითები და გამოწვევები წარმოადგინეს ბათუმის, ზუგდიდის, ასევე, რუსთავისა და თელავის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმაც.

შეხვედრის მეორე ნაწილი კი, მუნიციპალიტეტების მიერ სოციალური მომსახურების მიწოდების გამოცდილებაზე მსჯელობას დაეთმო, სადაც რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრმა-ნინო ქავთარაძემ და ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) საქართველოს დელეგაციის წევრმა - სალომე ღონღაძემ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციები წარუდგინეს და აღნიშნული მიმართულებით, ლაგოდეხისა და რუსთავის გამოცდილება გაუზიარეს.

​თემატური ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გაიმართა, დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.