ათეა-მ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები დაიწყო

2021-11-12

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021-2022 წწ. კონკურსის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრების მორიგი ციკლი დაიწყო.

ღონისძიებები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით იმართება, ხორციელდება შვეიცარიის განვითრების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას ათეას ექსპერტები: აღნიშნული პროგრამის კოორდინატორი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის წევრი - ნინო ზურაბიშვილი და კახა გურგენიძე უძღვებიან.


ასოციაციამ პირველი შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველი ერთეულების, მოგვიანებით კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართა.

ღონისძიებები, რომლებიც პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში წარიმართა, კონკურსის მიზნებისა და ეტაპების, საკონკურსო განაცხადის შევსებისა და წარდგენის წესის, ასევე, შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ მსჯელობას დაეთმო, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ ადგილზე არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ექსპერტების განცხადებით, ანალოგიური შეხვედრები, ეტაპობრივად მოეწყობა და საბოლოოდ ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

მუნიციპალური სერვისების მიწოდების კარგი მაგალითების გამოსავლენად, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსი წელს რვა თემაზე გამოცხადდა, განაცხადების მიღების პერიოდი კი, 1 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მუნიციპალიტეტები მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს, მმართველი კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე, შეფასების კომისიის დასკვნების გათვალისწინებით გამოვლინდებიან.

​BPP ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად.