ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს კონგრესის 41-ე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

2021-10-30

 

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა - გიორგი ტყემალაძემ, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებთან, ევროპის საბჭოს კონგრესში რეგიონთა და ადგილობრივ თვითმმართველობათა პალატების წევრებთან - ნინო ქავთარაძესთან, სევდია უგრეხელიძესთან, ოთარ გრიგოლიასთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, სტრასბურგში გამართულ კონგრესის 41-ე პლენარული სესიის სამდღიან, ჰიბრიდულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა, რომელიც კონგრესის პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა გახსნეს, ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის შესრულების შედეგების განხილვას, ასევე რეგიონთაშორისი და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ქვეყნებსა და ქალაქებში მიგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე მსჯელობას დაეთმო.

მე-40-ე სესიის მსგავსად, ერთ-ერთ მთავარ თემას COVID 19- ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის აღმოფხვრის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), რომელიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას საქართველოს მთავრობის პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს, ევროსაბჭოს კონგრესთან 2004 წლიდან თანამშრომლობს.