დავით მელუამ ევროსაბჭოს მმართველი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

2021-10-21

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ ევროსაბჭოს მმართველი კომიტეტის  სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 2020-2023 წლებში, საქართველოსთვის ევროპის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ მსჯელობას დაეთმო.

შეხვედრა, რომელსაც ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის აპარატის ხელმძღვანელი - ვერენა ტეილორი და საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი - შალვა ცისკარაშვილი უწევდნენ მედიატორობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - ლაშა დარსალიამ გახსნა. ღონისძიება რამდენიმე სესიად დაიყო და მასში საქართველოს სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი - მარიტე მორასი და  კონგრესის პოლიტიკური საკითხებისა და სხვა თემატური დირექტორატების ხელმძღვანელი პირები იღებდნენ მონაწილეობას.

​დავით მელუამ საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას გაუსვა ხაზი. ათეა-ს აღმასრულებელი  დირექტორის განაცხადებით, განვლილ წლებში საქართველომ შეძლო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შექმნა და ვინაიდან ადგილობრივი ხელისუფლება სულ უფრო მზარდ როლს ასრულებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, წარმატებული მოდელის შესაქმნელად,  აუცილებელია მათი ჩართულობა აღნიშნული პოლიტიკისა თუ სამოქმედო გეგმების ეროვნულ დონეზე განხილვასა და შესრულების მონიტორინგში.

,,დღეს საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან და მათ შორის უმთავრესია ადამიანის უფლებათა დაცვა ადგილობრივ დონეზე, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ მოქალაქეთა მონაწილეობით, არამედ გულისხმობს ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული კომუნალური და სოციალური მომსახურების მიწოდებას ქალაქებსა და სასოფლო თემებში. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მათ შორის, მიღებულ იქნა სამი ახალი კანონი, რის შედეგადაც, მუნიციპალიტეტებმა უფლებამოსილებები მიიღეს ბავშვთა უფლებების დაცვის, შშმ. პირთა უფლებების რეალიზებისა და სოციალური მომსახურების მიწოდების სფეროებში. წელს არჩეულ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს სწორედ ამ ამოცანებთან მოუწევთ შეჭიდება. შესაბამისად, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია პროექტი - "მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა ადგილობრივ დონეზე", რომელსაც ევროპის საბჭოს კონგრესი ახორციელებს სახალხო დამცველთან და ჩვენს ასოციაციასთან თანამშრომლობით” - განაცხადა დავით მელუამ და აღნიშნულ პროექტში აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე სესიად დაიყო, ასევე, დემოკრატიის, სასამართლო სისტემისა და მედიის თავისუფლების გაძლიერების მიმართულებები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.