სანდრო სორდიამ Euronest - Corleap ერთობლივ სემინარში მიიღო მონაწილეობა

2021-10-14

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ეგიდით, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციის (CORLEAP) წევრმა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელმა - სანდრო სორდიამ Euronest - Corleap ერთობლივ სემინარში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, პანდემიის ფონზე, წევრი მუნიციპალიტეტების მიერ მდგრადი ეკონომიკური აღდგენის, ასევე ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მწვანე პოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე მსჯელობას დაეთმო.

ქართული დელეგაციის წევრმა დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნო და კოლეგებს კარგი პრაქტიკის მაგალითები გაუზიარა.

სანდრო სორდიამ ძირითადი აქცენტი ევროპის მწვანე შეთანხმებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მწვანე პოლიტიკა საქართველოს მთავრობისა და ქართული მუნიციპალიტეტებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც მისივე თქმით, 2020 წელს ჩამოყალიბებული ,,კლიმატის ცვლილების საბჭოსა“ და მისი მრჩეველი ორგანოს - ,,მერების კლუბის“ შექმნით დასტურდება.

დღესვე, სანდრო სორდიამ სემინარის მონაწილეებს ვიდეო რგოლი წარუდგინა და დამსწრე საზოგადოებას, ეკო მეგობრული პოლიტიკის თვალსაზრისით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტები, მათ შორის, ისტორიული ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის, მუნიციპალური ტრანსპორტის ევრო 5 ავტობუსებით ჩანაცვლების, მთელს ქალაქში წყლისა და კანალიზაციის, ასევე გარე განათების სისტემის განახლებისა და მისივე ინიცირებული ,,მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მოქალაქეთა იდეის განხორციელებასა და მათივე ჩართულობით, მინი რეკრეაციული ზონების მოწყობას გულისხმობს.

მანვე, სამომავლო იდეები გააჟღერა და იმედი გამოთქვა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმას და ასევე, უზრუნველყოფს სკოლამდელი დაწესებულებების ენერგოეფექტურობას.

სანდრო სორდიამ სემინარზე ზუგდიდის ,,ველომეგობრულ ქალაქად“ გარდაქმნის ინიციატივის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ კავშირშია საავტომობილო გამონაბოლქვის შემცირებასთან.

ანალოგიური პრეზენტაციები გამართეს CORLEAP-ის წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმაც, რის შემდეგაც შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში გადაინაცვლა.

Euronest - Corleap ერთობლივი სემინარი, რომელსაც ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი უწევდა მედიატორობას, ორ საათს გაგრძელდა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა. აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის შემადგენლობას, სწორედ ათეა-ს აღმასრულებელი საბჭო ამტკიცებს.