ათეა-მ სასწავლო ტურის ფარგლებში უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა
2021-09-06საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრა, რომელიც სასწავლო ტურის ფარგლებში გაიმართა, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა - ნინო ქავთარაძემ გახსნა, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნებს შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
სტუმრებმა დღესვე, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რის შემდეგაც ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ დელეგაციის წევრებს საქართველოს მუნიციპალიტეტების სტრუქტურა გააცნო და გადაწყვეტილებების მიღებისა და სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
აღნიშნულ სასწავლო ტურში, აგრეთვე, ათეა-ს ექსპერტები - ნინო ზურაბიშვილი და კახა გურგენიძე იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემასა და კანონმდებლობაზე, ასევე, მუნიციპალიტეტებთან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მრჩეველთა საბჭოების მუშაობის პრინციპებზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას, აღნიშნული მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები გაუზიარეს.
სამ საათიანი შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში არსებული რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა, დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, რის შემდეგაც სტუმრებმა ათეა-ს წარმომადგენლებს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაცია, რომელსაც საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარის მოადგილე - ბობურ ბეკმუროდოვი ხელმძღვანელობს, დღესვე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტში და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI), სადაც სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - სოზარ სუბარი, აღნიშნული კომიტეტის აპარატის უფროსი - სულიკო ბეჟანიძე და მისი მოადგილე - ხათუნა ხვიჩია, ასევე IDFI-ის წარმომადგენელი თეონა ტურაშვილი უმასპინძლებენ. ხვალ კი, დელეგაციის წევრები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს - მზია გიორგობიანსა და "კივიტას გეორგიკას" აღმასრულებელ დირექტორს - გიორგი მესხიძეს შეხვდებიან, რის შემდეგაც სტუმრები კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ხელმძღვანელთან - კობა თურმანიძესთან ონლაინ ფორმატში ჩაერთვებიან.
სასწავლო ტურის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ვიზიტი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში. 8 სექტემბერს სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე და ათეა-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ტყემალაძე, საკრებულოსა და აგრეთვე, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპულ პლატფორმაში (PLATFORMA) ათეა-ს დელეგაციის წევრებთან - ნინო რუხაძესთან და ოთარ გრიგოლიასთან ერთად მიიღებს.
ვიზიტის დასასრულს უზბეკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები, თელავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან გამართავენ ონლაინ შეხვედრებს, რის შემდეგაც დაგეგმილია ექსკურსია თბილისის იუსტიციის სახლში.
დელეგაცია, რომელიც პარლამენტისა და საკრებულოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და ექსპერტებითაა დაკომპლექტებული, საქართველოს 10 სექტემბერს დატოვებს.