საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ უკრაინის დელეგაციას უმასპინძლა
2019-09-09საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობების 28-კაციან დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრა, რომელიც სასწავლო ტურის - ,,მუნიციპალური გამჭვირვალობა და შესყიდვების პროცესის გაუმჯობესება ‘’ ფარგლებში გაიმართა, ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა.
დავით მელუამ სტუმრებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ორგანიზაციის განხორციელებული და სამომავლო პროექტები გააცნო, მანვე ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და სასწავლო ტურის პროგრამა მიმოიხილა.
შეხვედრას, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ექსპერტები - ნინო ზურაბიშვილი და კახა გურგენიძე, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფროსი ექსპერტ-კონსულტანტი - დავით მორალიშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც უკრაინელ სტუმრებს პრეზენტაციები წარუდგინეს და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის, ასევე მუნიციპალური ფინანსებისა და ბიუჯეტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
უკრაინის დელეგაცია სასწავლო ტურის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და სხვა სახელმწიფო უწყებებში, ასევე თბილისის, სიღნაღისა და თელავის მუნიციპალიტეტებში გამართავს შეხვედრებს, სადაც სტუმრები დეცენტრალიზაციის რეფორმის, ადგილობრივ დონეზე შესყიდვების სამოქალაქო მონიტორინგისთვის გამოყენებული მეთოდებისა და პროცედურების, ასევე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტისა და მისი პრიორიტეტების შესახებ მოისმენენ ინფორმაციას.
სასწავლო ტური, რომელიც უკრაინის USAID -ის DG East - ის დაფინანსებითა და ათეა-ს თანამშრომლობით ხორციელდება, 13 სექტემბერს დასრულდება.