ქართულმა დელეგაციამ ყირიმის, როგორც რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ნაწილად მოხსენიება გააპროტესტა

2019-07-04

ქართულმა დელეგაციამ, ევროპის საბჭოს რეგიონთა კონგრესისა და ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტის - თამარ ტალიაშვილის, ასევე ევროპის საბჭოს კონგრესის წევრების - ბექა დავითულიანისა და ნინო ქავთარაძის შემადგენლობით, ნორვეგიაში, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. 

სხდომაზე, სადაც სხვა თემებთან ერთად, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშები მოისმინეს, ქართულმა დელეგაციამ, უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის მონიტორინგის მისიის დასკვნაში ასახული საკითხი გააპროტესტა, რომლის თანახმადაც, ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იყო მოხსენიებული.

"საქართველოს დელეგაცია ერთიანია რუსეთის ფედერაციის მონიტორინგის დასკვნასთან მიმართებაში. ჩვენთვის მიუღებელია ყირიმის მოხსენიება რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ტერიტორიულ ერთეულად. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უკრაინა აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც ყოველთვის დავუჭერთ მხარს”- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. მისივე თქმით, სხდომაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, რაც მოგვიანებით ასახვას ჰპოვებს დოკუმენტში.

კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა უნგრეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზეც იმსჯელეს და აზერბაიჯანსა და კვიპროსში წევრი სახელმწიფოების ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან შესაბამისობის საკითხი განიხილეს. დღესვე, დელეგატებმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე და ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

სხდომის მონაწილეებმა, ასევე, სამომავლო გეგმები განიხილეს, სადაც აღინიშნა, რომ ათეა-ს პრეზიდენტის - კახა კალაძის მოწვევით, 2020 წლის 11 თებერვალს მონიტორინგის კომიტეტის სხდომა თბილისში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მიმდინარე წლის ნოემბრიდან, 2020 წლის მაისის ჩათვლით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.