2026 წლის 27–30 აპრილს, მოლდოვის ქალაქ კაჰულში გაიმართება პროექტის BRIGHT – „რეგიონული აქტორების ჩართვა გლობალური თანამეგობრობის მიერ წარმართულ ქმედებებში კლიმატის ადაპტაციისა და მდგრადი ეკოსისტემებისთვის შავი ზღვის რეგიონში“ (BSB00733) საწყისი შეხვედრა და პირველი სასწავლო ვიზიტი.
შეხვედრაში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან (ა.თ.ე.ა) მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ტექნიკური ოფიცერი, ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორს მოადგილე, ტატიანა ბოკუჩავა და პროექტის კოორდინატორი, მარიამ ჯინჭარაძე.
სამდღიანი ღონისძიება აერთიანებს პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბულგარეთიდან, საქართველოდან, მოლდოვასა და თურქეთიდან და მიზნად ისახავს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების დეტალურ განხილვას, პარტნიორებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას და თანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბებას.
28 აპრილს გაიმართება ადგილობრივი ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნობიან BRIGHT პროექტის მიზნებსა და ამოცანებს, ასევე იმსჯელებენ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები.
სამუშაო შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტის პირველ ეტაპზე განსახორციელებელ აქტივობებს, მათ შორის: პოლიტიკის ანალიზსა და განვითარებას; ციფრული „Digital Twins“-ის მექანიზმის დანერგვას; შესაძლებლობების გაძლიერებისა და ინსტრუმენტთა ნაკრების (Toolbox) შემუშავებას; პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ფორმალიზებას.
შეხვედრის მონაწილეები, ასევე ჩაერთვებიან სასწავლო ვიზიტებში, სადაც ადგილზე გაეცნობიან კლიმატთან დაკავშირებულ ადგილობრივ ინიციატივებსა და პრაქტიკულ გამოცდილებებს.
პროექტის წამყვანი პარტნიორია ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივი ხელისუფლებების კავშირი (UBBSLA). პროექტის პარტნიორები არიან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და ევროპული ინტეგრაციის სააგენტო (ACTIE), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ა.თ.ე.ა.) და აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო (DOKA).
BRIGHT ხორციელდება (Interreg VI-B) NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში და ფინანსდება ევროკავშირის მიერ. იგი ხელს უწყობს ადგილობრივი ხელისუფლებების შესაძლებლობების გაძლიერებას, რეგიონულ თანამშრომლობას და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი პოლიტიკის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.
