საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ორგანიზებით, თემაზე: „მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციონალიზაცია- დემოკრატიული მმართველობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“ კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ჯიქიამ, ევროკავშირის ელჩის მოადგილემ საქართველოში კარლო ნატალემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ირაკლი მატკავამ გახსნეს, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქალაქის მერები და მუნიციპალიტეტის გამგებლები დაესწრნენ.
კონფერენციაზე საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში მოქალაქეთა მონაწილეობის, დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგია და მისი მიმდინარეობა, სახელწიფო მართვის ეფექტურობის საკითხები და ევროპული ქვეყნების გამოცდილება განიხილეს. შეხვედრაზე თვითმმართველობის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მიმართულებით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებაზეც იმსჯელეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის დახვეწასა და დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის მომზადებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თვითმმართველობის კოდექსში ახალი თავი „მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური მექანიზმები წარადგინდა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებასა და ადგილობრივი საქმეების განკარგვაში მოსახლეობის მონაწილეობას ისახავს მიზნად.
ღონისძიების დასასრულს, მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტურობაზე დისკუსიაც მოეწყო.
კონფერენცია პროექტის „ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუციონალური ჩარჩოების“ გაძლიერება ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის- აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ქართველი პარტნიორი კი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციაა.
Add comment