საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, თბილისში, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში კი კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა და რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილმა, ადგილობრივი დემოკრატიების სააგენტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კოორდინატორიმა ნინო თვალთვაძემ გახსნეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ახალგაზრდული საკრებულოს წევრები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციაზე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ეფექტურ მექანიზმებსა და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის გზებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე, ასევე მათი მხრიდან თვითმმართველობის გაუმჯობესების ხედვაზე იმსჯელეს. ღონისძიების დასასრულს დისკუსია მოეწყო, სადაც ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს მერის პოზიციაზე და რა რჩევის მიცემა შეუძლიათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია როგორც ევროსაბჭოს კონგრესის პარტნიორი, ყოველწლიურად უწევს ორგანიზებას აღნიშნულ ღონისძიებას. წელს კვირეულის თემატიკას მოქალაქეთა ჩართულობა, კონსულტაციები, და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა წარმოადგენს.
„ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული“ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის ყოვეწლიური ღონისძიებაა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში აღინიშნება. მისი მიზანი ევროპული გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისება, ასევე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობა და სოციალური კავშირების გაუმჯობესებაა.
Add comment