პროექტის „SEEDGUARD: აგრო თესლების მცველები ბიომრავალფეროვნებისთვის, აგრობიომრავალფეროვნებისთვის, ეკოსისტემური სერვისებისთვის და კლიმატის ადაპტაციისთვის“ (BSB00450 SEEDGUARD) ფარგლებში, 30-31 ოქტომბერს ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში სასწავლო ვიზიტი მოეწყო.
შეხვედრებში ქართული მხრიდან ჩართულნი იყვნენ პროექტის კოორდინატორი ნინო ზურაბიშვილი და პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ წარმომადგენლები – კოლეჯის „მოდუსი მარნეული“ მენეჯერი სალომე მაყაშვილი, პროფესორი ოლღა ხარაიშვილი და ადგილობრივი მებოსტნე მთვარისა ფოფხაძე.
ღონისძიება ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფლებათა კავშირის (UBBSLA) ორგანიზებით, პარტნიორ ორგანიზაციებთან – რუმინეთის ასოციაცია „გლობალური პროექტები“ (AGP), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) და აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტო DOKA (თურქეთი) თანამშრომლობით განხორციელდა.
სასწავლო ვიზიტის გარდა, პროექტის ფარგლებში ვარნის ტექნიკურ უნივერსიტეტში, გაიმართა საერთაშორისო ვორქშოპი და პროექტის პარტნიორთა შეხვედრა.
30 ოქტომბერს, UBBSLA-ს წარმომადგენლებმა პროექტის მიზნებთან ერთად მიღწეულ და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება. პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი წარადგინეს შემდეგი სახის პრეზენტაციები: ვარნის ტექნიკური უნივერსიტეტის აგრონომიის მიმართულების საქმიანობა, თურქეთის ტრაბზონის რეგიონში თესლის შეგროვების გამოცდილება (DOKA), რუმინეთში თესლის კოლექციებისა და ბანკების მიმოხილვა (AGP) და საქართველოში თესლის შეგროვების ინსტიტუციური განვითარება (NALAG).
მასპინძლებმა პარტნიორებს ასევე გააცნეს რეკომენდაციები შავი ზღვის ქვეყნებში ძველი ბოსტნეულის ჯიშების პოპულარიზაციისთვის, რის შემდეგაც მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები თესლის კონსერვაციის, მართვისა და გაცვლის მიმართულებით. შეხვედრა დასრულდა თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით SEEDGUARD-ის პარტნიორებსა და ქსელის „თესლის მცველები“ წევრებს შორის.
ამავე დღეს გაიმართა პარტნიორთა შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა პროექტის ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხები.
31 ოქტომბერს მონაწილეებმა მოინახულეს დობრუჯის აგრარული ინსტიტუტი, ხოლო მოგვიანებით შეხვდნენ ვარნის ბოსტნეულის მწარმოებლებს.
პროექტის კოორდინატორის, ნინო ზურაბიშვილის განცხადებით, ღონისძიებამ ხელი შეუწყო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და რეგიონში ტრადიციული ბოსტნეულის ჯიშების დაცვაზე ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებას.
პროექტი SEEDGUARD მიზნად ისახავს ბოსტნეულის ტრადიციული ჯიშებისა და სახეობების თესლის დაცვას, აგრობიომრავალფეროვნების, ჯანსაღი საკვების მრავალფეროვნების, სასურსათო უსაფრთხოების და ეკოსისტემური სერვისების გაუმჯობესებას. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ბოსტნეულის მწარმოებლებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის მოდელის დემონსტრირებას – თემის მონაწილეობის საფუძველზე ძველი ტრადიციული ჯიშების თესლის კოლექციების/ბანკების შექმნის გზით.
პროექტს, რომელიც ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, საქართველოში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ა.თ.ე.ა.) ახორციელებს.
#SEEDGUARD
