საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინნ“, ათეა-სა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის ერთობლივი პროექტის – ,,ადგილობრივი დემოკრატია საქართველოში – გამოწვევები და პერსპექტივები’’, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე – პრეზიდენტთან – თამარ ტალიაშვილთან ერთად, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის საერთაშორისო პროექტების მრჩეველმა – ბიორნ რანგევაერმა მიმართეს.
ღონისძიების მონაწილეებმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ადგილობრივი დემოკრატიის მიმართულებით, საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს გაუსვეს ხაზი.
,,ევროპის მასშტაბით ნორვეგია წამყვანი ქვეყანაა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების კუთხით, აქედან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათეა-სა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში წარმატებულად განხორციელდა. დღევანდელი შეხვედრა შესაძლებლობას გვაძლევს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გავაანალიზოთ უკვე მიღწეული შედეგები და დავგეგმოთ სამომავლო თანამშროლობა“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის წარმომადგენელს – ბიორნ რანგევაერს პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
პირველი სესია ათეა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა. დავით მელუამ საქართველოსა და ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაციების ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროპის საბჭოს კონგრესის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია პრეზენტაციის სახით წარუდგინა.
შეხვედრის მეორე ნაწილი დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტს დაეთმო, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა – ნიკოლოზ როსებაშვილმა გააცნო.
დოკუმენტის განხილვის შემდეგ კი, სხდომის მონაწილეებს სიტყვით ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მიმართა. ნათია ღვინაშვილმა დეცენტრალიზაციის პროცესში ასოციაციის ჩართულობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ათეა-ს მიერ ორგანიზებული საკონსულტაციო შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სხდომა კვლავ აღნიშნულ დოკუმენტზე მსჯელობით გრძელდა. ათეა-ს ექსპერტებმა – ნინო ზურაბიშვილმა და კახა გურგენიძემ რეგიონებში საკონსულტაციო შეხვედრების დროს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც სხდომის მონაწილეებს დეცენტრალიზაციის პროექტთან დაკავშირებით ორგანიზაციის რეკომენდაციები წარუდგინეს.
კონფერენციის დასასრულს დავით მელუამ და ნათია ღვინაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ათეა-ს სამომავლო გეგმები გააცნეს და იმ მიმართულებებზე და ამოცანებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივი დემოკრატიის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიების პირველი დღე თამარ ტალიაშვილმა და ბიორნ რანგევაერმა შეაფასეს.
ხვალ კი, კონფერენციის მონაწილეები ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ.
კონფერენციას ევროპის საბჭოს კონგრესში ათეა-ს დელეგაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებიან.
Add comment