საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის ახალი რედაქცის საკანონმდებლო ინიციატივის სახით დამტკიცებას, რაც შესაძლებელს ხდის ამ დოკუმენტის ფართო საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანას.
ჩვენ მუდმივად მივუთითებდით საქართველოს მთავრობას, უფრო გამჭვირვალედ წარემართა ამ კანონპროექტის შემუშავების პროცესი და იგი ფართო კონსენსუსის საგნად ექცია. მიუხედავად ამისა, ჩვენ დღეს მხოლოდ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის საჯარო განცხადებაზე დაყრდნობით შეგვიძლია კანონპროექტის ტექსტზე მსჯელობა. ეს განცხადება კი საზოგადოებისთვის გაუგებარ და მრავალ საკამათო პოსტულატს შეიცავს, კერძოდ:
ა) გაუგებარია, რა პრინციპით ხდება რეგიონული მმართველობის რგოლის (რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დეკონცენტრირებული ტერიტორიული ორგანოა და მინისტრი ნარმანიას განცხადებით მომავალშიც ასეთად დარჩება) შემოტანა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანულ კანონში;
ბ) გაუგებარია, რა ლოგიკას ემყარება ადგილორბივი თვითმმართველობის დონეების განსაზღვრა. საქართველოს ხელისუფლებამ 2006 წელს თვითმმართველობა წაართვა ქვედა დონის ერთეულებს (სასოფლო და საქალაქო დასახლება, თემი) და იგი მხოლოდ ზედა დონეზე შეინარჩუნა. მინისტრი ნარმანიას განცხადებით, ზოგ შემთხვევაში ნარჩუნდება 2006 წლის სისტემა, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, თვითმმართველობა ენიჭება საქალაქო დასახლებას, სადაც მოსახლეობა 15 ათასზე მეტია, რაც საქართველოს მოქალაქეთა უფლებრივი სეგრეგაციაა. წარმოუდგენელია, თვითმმართველობა საკუთარ დასახლებაში ჰქონდეს მოქალაქეს ქალაქ ჭიათურაში (საქალაქო დასახლება 15 800-მდე მოსახლით) და ეს უფლება არ ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს ქალაქ ბორჯომში (ასევე საქალაქო დასახლება 14 500 მოსახლით). ტერიტორიული ნიშნით მოქალაქეების ასეთი უფლებრივი დისკრიმინაცია ბადებს ეჭვს, რომ ეს კანონპროექტი არ ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური უფლების საყოვეთაო და თანასწორ რეალიზაცის.
გ) ბატონი მინისტრის განცხადებაში არაფერია ნათქვამი დეცენტრალიზაციაზე. თუ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად სურს დეცენტრალიზაცია, მაშინ მან არა კოსმეტიკური ცვლილებები, არამედ სამინისტროებიდან სახელმწოფო ძალაუფლების ადგილობრივ თვითმმართველობებზე გადაცემა უნდა განახორციელოს. ეს უწინარესად საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეხება. წინა ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკის გამო და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპების სრული უგუნველყოფით, ამ უწყებას მიტაცებული აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ძირეული ფუქციები (მაგ. სასმელი წყლის მიწოდება, მყარი ნარჩენების სფერო). შესაბამისად, შევახსენებთ ბატონ მინისტრს, რომ დეცენტრალიზაცია ეს არის – მისი, როგორც მინისტრის, უფლებამოსილებათა შეზღუდვა ქალაქ ჭიათურასთან მიმართებაში, ადგილობრივი არჩეული ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდის მეშვეობით. თუ ასეთი რამ არ მოხდა, მაშინ ქ. ჭიათურის თვითმმარველობა კიდევ ერთი ბუტაფორია იქნება.
გუშინდელი მთავრობის სხდომის შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა უკვე საქართველოს პარლამენტზე გადადის. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ვინც საქართველოს მოქალაქეების მიერ არიან არჩეული და მათ ინტერესებს ემსახურებიან, არ დაუშვებენ მოქალაქეთა ამგვარ ტერიტორიულ სეგრეგაციას, ისევე როგორც, კანონშემოქმედებით პროცესს დემოკრატიის პრინციპების სრული დაცვით წარმართავენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:
ა) არ გამართოს საკომიტეტო განხილვები საქართველოს ყველა რეგიონში ამ კანონპროექტის საჯარო განხილვის გარეშე. ამ კანონპროექტის დახვეწაში აქტიურად ჩართონ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია, ადგ. თვითმმართველობის, პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ბ) კანონპროექტი ექპერტიზისთვის გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესს. მოაწყოს ეროვნული მრგვალი მაგიდა, სადაც ყველა მხარეს (მათ შორის საერთაშორისო ორგანოებს) მიეცემა საკუთრი დასკვნების წარდგენის და არგუმენტირების საშუალება.
დ) კანონპროექტი ფართოდ გაშუქდეს მედიით, რათა საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს სრული წარმოდგენა მთავრობის მიზნებსა და განზრახულობაზე.
Add comment