საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ და მისმა მოადგილემ – ნათია ღვინაშვილმა, ათეა-ს ექსპერტთან – ნინო ზურაბიშვილთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, კატალონიის მუნიციპალიტეტების ფედერაციის (FMC) გენერალური მდივნის – ხუან იგნასიო სოტო ვალეს, ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის და ესპარეგუერას მერის – ედუარდო რივას მატეოსა და კონსულტანტის – ოლივიერ ტერიენის შემადგენლობით, კატალონიის დელეგაციას უმასპინძლეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
დავით მელუამ სტუმრებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარ ქვეყნებში განხორციელებული პროექტების გამოცდილება გაუზიარეს.
დღესვე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) საკონფერენციო დარბაზში, დელეგაცია ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრს, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს- ნინო ქავთარაძესა და რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატს – ამირან ჯანჯღავას შეხვდა, სადაც მხარეებმა საკუთარ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში კატალონიის დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე საქართველოს მუნიციპალიტეტების, მათ შორის, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.
დელეგაცია საქართველოს 8 მარტს დატოვებს.
Add comment