საქართველო და უკრაინა ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადავიდნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ბიურომ მიიღო, რომელიც რამდენიმე სექციად, კერძოდ კი , ევროპის – ,,ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონების საბჭოთი – CEMR, ასევე, დსთ-ის წევრი და ევროკავშირის არაწევრი ევროპული სახელმწიფოების მუნიციპალიტეტებით დაკომპლექტებული – ევრაზიის სექციებად იყოფა.
“მეგობრებო, მოგესალმებით ევროპული მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოში! კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენს ოჯახში. ჩვენი მუნიციპალური მოძრაობა ძლიერია როგორც არასდროს” – ასე გამოეხმაურა აღნიშნულ სიახლეს ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს გენერალური მდივანი – ფაბრიციო როსი.
მსოფლიო კონგრესის ბიუროს გადაწყვეტილებას ისტორიული სამართლიანობის აღდგენა უწოდა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ტყემალაძემ და ევროპელ კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“აღდგა ისტორიული სამართლიანობა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ბიუროს გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადავიდნენ.
რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ორგანიზაციის პირველ ვიცე – პრეზიდენტთან ერთად, აღნიშნულ პროცესში, ათეა-ს აქტიურ ჩართულობას გაუსვეს ხაზი, CEMR -ის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა – ნინო რუხაძემ და ევროპის საბჭოს კონგრესში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოსა და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა – ლევან ჟორჟოლიანმა.
მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, იმ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგია, რომლებიც საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ევრაზიის სექციაში მე-20 საუკუნის ბოლოს შეიყვანეს, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. 2005 წლიდან კი, კერძოდ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია დაფუძნდა, ორგანიზაციამ დაიწყო ზრუნვა არსებული უსამართლობის აღმოსაფხვრელად.
2008 წელს, საქართველომ მსოფლიო კონგრესს მიმართა თხოვნით, ქვეყნის ევრაზიის სექციიდან ევროპის კავშირის სექციაში გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულ პროცესს წლების განმავლობაში ხელს უშლიდა რუსეთი.
წინააღმდეგობების მიუხედავად, 2010 წელს, ათეამ CEMR-ს კვლავ მიმართა, რომ ორგანიზაცია, საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლის სტატუსით მიეღოთ, რაც მალევე, ევროპელი კოლეგების დახმარებითა და თანადგომით გახდა შესაძლებელი.
2010 წლიდან, საქართველოს მოთხოვნას ევროპის სექციაში გადაყვანასთან დაკავშირებით უკრაინაც შეუერთდა, რამაც რუსეთის პოზიცია მნიშვნელოვნად შეასუსტა, ხოლო აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკამ, ამ გზაზე, საქართველოს წარმატება კიდევ უფრო შესაძლებელი გახადა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) უკვე 18 წელია ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროცესში.
ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნებული ორგანიზაცია საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულს აერთიანებს და სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით მუშაობს.
ასოციაცია თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) არის საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას და ასევე, დეცენტრალიზაციის საკითხებში.
აღნიშნული ორგანიზაცია ერთადერთია კავკასიის რეგიონში, რომელიც ევროკომისიის საკონსულტაციო პლატფორმის წევრია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. აღნიშნულ პლატფორმაში გაწევრიანებულია ევროკავშირის ყველა ქვეყანა, საქართველოს კი სწორედ ათეა წარმოადგენს.
Add comment