საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ეგიდით აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციის (CORLEAP) წევრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი – სანდრო სორდია, ერევანში გამართულ კონფერენციაზე “ადგილობრივი ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები” პრეზენტაციით წარსდგა.
სანდრო სორდიამ პრეზენტაციისას საუკეთესო პრაქტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ათეა-ს ჩართულობას გაუსვა ხაზი. საქართველოს წარმომადგენელმა, ასევე, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების კუთხით, ორგანიზაციისა და ხელისუფლების აქტიურ თანამშრობლობაზე გაამახვილა ყურადღება და კონფერენციის მონაწილეებს დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტზე ერთობლივი მუშაობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პრეზენტაციაზე – „ურთიერთკავშირის გაძლიერება, სინერგიის წარმოქმნა და კონკრეტული შედეგების ჩვენება ადგილობრივ დონეზე“, დელეგაციის ქართველმა წევრმა ღია მმართველობის თანამშრომლობის პროგრამის ჭრილში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პრაქტიკაზე ისაუბრა. მანვე, დამსწრე საზოგადოებას, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, კერძოდ კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამოცდილება გაუზიარა, რომელიც სამოქალაქო ჩართულობის კუთხით, ევროკავშირის პროექტის – N4ED ფარგლებში გამოცხადებული საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის გამარჯვებული გახდა.
,,მჯერა, რომ ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება შესაძლებელია ჯანსაღი თანამშრომლობის გზით, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებისა და ურთიერთქმედების გაზიარებით“- აღნიშნა სანდრო სორდიამ.
კონფერენციაზე, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციის (CORLEAP) წევრები ესწრებოდნენ, სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ქმედებათა ხელშეწყობის ღია გარემოს შექმნაზე ისაუბრეს.
ერევანში ასევე, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების კონფერენციის ბიუროს მე-14 სხდომა გაიმართა, სადაც საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამების მეშვეობით ინტერპერსონალური კონტაქტის განვითარების ხელშეწყობაზე, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების შესაძლებლობების განვითარებაზე და CORLEAP- ის მომავალი საქმიანობის შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში
(CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა, რომლის წევრი ქართული დელეგაციის ახალი შემადგენლობა ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ ერთი წლის წინ დაამტკიცა.
Add comment