ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, თელავში, თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ჯიქიამ და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ გახსნეს, მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, თვითმმართველი ქალაქების, სოფლების, დაბების როლსა და ფუნქციებზე, ასევე დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით გასატარებელი რეფორმების განხორციელებაზე იმსჯელეს. შეხვედრების მიზანი სამუშაო ჯგუფში შემავალი პირების ხედვებისა და პოზიციების მოსმენაა, რომელთა შეჯერების შემდეგ ადგილობრივ თვითთმართველობათა ასოციაცია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რათა მათი ასახვა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსი“ მოხდეს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებთან. სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია“ (NALAG) ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ყველა თვითთმართველ ერთეულს აერთიანებს.
Add comment