29 იანვარს, ქალაქ თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიცირებითა და LDA-georgia-ს (ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველოს) მხარდაჭერით, გაიმართა რეგიონალური შეხვედრა თემაზე „სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები (მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები), რეგიონის არასამთავრობო სექტორი და რეგიონული მედია.
შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების როლი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში; მოქალაქეთა მონაწილეობის ეფექტური მექანიზმები; ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული მოდელები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა და რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია“, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს, ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის და დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, კერძოდ კი პროექტის ღონისძიებები დამყარებულია საფუძვლიან მოსაზრებაზე, რომ არც ერთი მთავრობა არ იტყვის უარს პროცესების ცენტრალიზებულად მართვაზე, რომ არა კარგად ორგანიზებული, კვალიფიციური და აქტიური მოთხოვნა ქვემოდან.
სწორედ იმისთვის, რომ ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს შეძლებოდათ შეესრულებინათ თავიანთ ტერიტორიულ ერთეულში არსებული მნიშვნელოვანი საკითხებისა თუ პრობლემების კვალიფიციური ადვოკატირება, „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ“, პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მაშტაბით, ჩაატარა ტრენინგები 62 მუნიციპალიტეტის 1200-მდე სოფლის ლიდერისთვის. ტრენინგების პროგრამა საზოგადოების მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის გაცნობას, ინფორმაციის საჯაროობის და მისი გამოთხოვნის წესის, პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენის და მათზე კონცენტრირების უნარ-ჩვევების შეძენას ითვალისწინებდა.
სამოქალაქო მონაწილეობის აუცილებლობას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეტი გახსნილობის აუცილებლობას შეეხო დისკუსია, რომელშიც ხელისუფლების ოპონენტების როლში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი და მედია მოგვევლინა.
„დღეს გამართული შეხვედრა არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ ცდილობენ ადგილობრივი ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება დიალოგის გზით წარმოაჩინონ ადგილობრივი პრობლემები და ერთად იმუშაონ მათი გადაჭრისთვის. ურთიერთობის ასეთი ფორმა უნდა შეფასდეს, როგორც კარგი მმართველობითი პრაქტიკა და ჩვენ ვეცდებით დიალოგის ეს ფორმა სხვა რეგიონებშიც დაინერგოს“ – აცხადებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დირექტორი დავით მელუა.
Add comment