30 ნოემერს, ქალაქ რუსთავის მერიაში, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) ინიცირებითა და LDA-Georgia-ს (ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო – საქართველოს) და ALDA (აგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია) მხარდაჭერით, გაიმართა რეგიონული შეხვედრა თემაზე „მობილიზებული სამოქალაქო საზოგადოება ადგილობრივი დემოკრატიისთვის“.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ კარლო ნატალი – საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე; დავით ჯიქია – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტი, ქალაქ რუსთავის მერი; დავით მელუა – ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორი; ნინო თვალთვაძე – დემოკრატიის სააგენტო საქართველოს დირექტორი და სხვა მოწვეული ექსპერტები.
შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების როლი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში; მოქალაქეთა მონაწილეობის ეფექტური მექანიზმები; ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული მოდელები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა და რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია“, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს, ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის და დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, კერძოდ კი პროექტის ღონისძიებები დამყარებულია საფუძვლიან მოსაზრებაზე, რომ არც ერთი მთავრობა არ იტყვის უარს პროცესების ცენტრალიზებულად მართვაზე, რომ არა კარგად ორგანიზებული, კვალიფიციური და აქტიური მოთხოვნა ქვემოდან.
სწორედ იმისთვის, რომ ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს შეძლებოდათ შეესრულებინათ თავიანთ ტერიტორიულ ერთეულში არსებული მნიშვნელოვანი საკითხებისა თუ პრობლემების კვალიფიციური ადვოკატირება, „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ“, პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მაშტაბით, ჩაატარა ტრენინგები 62 მუნიციპალიტეტის 1200-მდე სოფლის ლიდერისთვის. ტრენინგების პროგრამა საზოგადოების მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის გაცნობას, ინფორმაციის საჯაროობის და მისი გამოთხოვნის წესის, პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენის და მათზე კონცენტრირების უნარ-ჩვევების შეძენას ითვალისწინებდა.
აღნიშნული შეხვედრით დასრულდა პროექტის პირველი ეტაპი. მისი მნიშვნელობა და შედეგიანობა ღონისძიების ორგანიზატორებმა შეაფასეს:
დღეს გამართული შეხვედრა არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ ცდილობენ ადგილობრივი ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება დიალოგის გზით წარმოაჩინონ ადგილობრივი პრობლემები და ერთად იმუშაონ მათი გადაჭრისთვის. ურტიერთობის ასეთი ფორმა უნდა შეფასდეს, როგორც კარგი მმართველობითი პრაქტიკა და ჩვენ ვეცდებით დიალოგის ეს ფორმა სხვა რეგიონებშიც დაინერგოს – აცხადებს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის დირექტორი დავით მელუა.
Add comment