გერმანიაში სამუშაო ვიზით მყოფი ქართული დელეგაციის წევრებმა, ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, ლევან ჟორჟოლიანმა და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენელმა, ოთარ გრიგოლიამ, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრა აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარემ, გუდრუნ მიოლერ-ტორნსტრომმა გახსნა, რის შემდეგაც სხდომის მონაწილეებმა მიმდინარე წლის მაისში გამართული ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა მე-4 სამიტის შედეგები შეაჯამეს.
დღესვე გაიმართა პოტსდამის დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიაც. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დოკუმენტი სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემოსადმი ერთობლივ ვალდებულებებს მოიცავს.
კომიტეტის სხდომის ძირითად ნაწილს წევრი ქვეყნების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულების ანგარიშების განხილვა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულების მონიტორინგის მისიას ქართული მხარე ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგებიც, დამსწრე საზოგადოებას ლევან ჟორჟოლიანმა შვეიცარიელ კოლეგასთან, მატიას გიზინთან ერთად გააცნო.
მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, პოლარიზაცია და უკრაინის ომით გამოწვეული კრიზისები, ხელს უშლის სლოვაკეთის მოქალაქეებს შესაბამისი სერვისების მიღებაში, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებს განვითარებაში.
ლევან ჟორჟოლიანმა მოხსენებისას, ასევე ისაუბრა იმ პოზიტიურ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელდა.
„მონიტორინგის ვიზიტი განხორციელდა სლოვაკეთის ქალაქებისა და თემების ასოციაციის თხოვნით, რომელიც მდგომარეობის გაუარესების გამო წუხდა. ძირითადად, ასოციაციის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება მისიის დროს დადასტურდა. რეკომენდაციის პროექტით, ვთავაზობთ გარკვეულ საპასუხო ღონისძიებებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსების პრობლემები არის ის საკითხები, რომელსაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა და სლოვაკეთის მხარეს ნაყოფიერი შეხვედრებისთვის მადლობა გადაუხადა.
სხდომის მონაწილეებმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის მსგავსად, სხვადასხვა წევრ ქვეყნებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზეც იმსჯელეს და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები მიმოიხილეს.
შეხვედრის დასასრულს კი, დელეგატებმა რეგიონული არჩევნების 2023 წლის კალენდარი დაამტკიცეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.
Add comment