საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილმა დელეგაციამ, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის ონლაინ სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაში, რომელიც აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარემ – გუდრუნ მოზლერ ტორნსრომმა გახსნა, ათეა-ს პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან – გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი – ლევან ჟორჟოლიანი, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენელი – ოთარ გრიგოლია იყვნენ ჩართულნი.
სხდომა წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის შედეგებზე და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო, რის შემდეგაც, შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მორიგი შეხვედრა 2023 წლის დასაწყისში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ დღესვე, ქართული დელეგაციის წევრი – ლევან ჟორჟოლიანი, ევროპის საბჭოს კონგრესის მიმდინარე საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც მიიწვიეს, სადაც ერთ-ერთ ძირითად თემად, ანგარიში -,, გარემოს დაცვის ფუნდამენტური უფლებები: ყურადსაღები ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის“ განიხილებოდა.
ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა იტალიელ კოლეგასთან – ბელინდა გოტარდისთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სხდომის მონაწილეებს საქართველოს ინიციატივა გააცნო, რომელიც გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების კუთხით, კონგრესის კომიტეტების მიერ ერთიანი სტრატეგიის განსაზღვრასა და ასევე, ამ მიმართულებით, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დოკუმენტის მომზადებას გულისხმობს.
როგორც ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, კლიმატური ცვლილებები ხელისუფლების ყველა დონის საერთო პასუხისმგებლობაა.
„მაშინ, როდესაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლება გადამწყვეტ როლს ასრულებს გარემოს დაცვასა და კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია არ უზრუნველყოფს მათი ამ უფლების რაიმე განსაკუთრებულ დაცვას. ჩვენი წინადადებაა, ქარტიას დაემატოს მეორე პროტოკოლი გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ. აღნიშნული პროტოკოლი უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების უფლების დაცვას, რომ გარემოს დაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიიღოს მონაწილეობა,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
Add comment