ქართული დელეგაცია ევროპის საბჭოს კონგრესის 36-ე სესიაში – ,,მერები დემოკრატიის დასაცავად” მონაწილეობის მისაღებად სტრასბურგში გაემგზავრა.
დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები, თბილისის საკრებულოს თავმჯომარე – გიორგი ტყემალაძე და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი – თამარ ტალიაშვილი, თბილისისა და მცხეთის საკრებულოების დეპუტატები – ბექა დავითულიანი და სევდია უგრეხელიძე, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი – ირაკლი ჭეიშვილი შედიან, ადგილობრივი ხელისუფლების პალატის სრული წევრი, რუსთავის საკრებულოს წარმომადგენელი – ნინო ქავთარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე არჩევნებზე სადამკვირვებლო მიისიის დასრულების შემდეგ შეუერთდება.
ქართული მხარე ევროპის საბჭოს ბიუროს შეხვედრებში და რამდენიმე კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც სხვა თემებთან ერთად, ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე ღია მმართველობასა და ინტერესთა კონფლიქტების, არჩეულ წარმომადგენელთა ინტეგრირებისა და საჯარო ეთიკის ხელშეწყობის საკითხები იქნება წარმოდგენილი.
ათეა-სა და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი – თამარ ტალიაშვილი რეგიონულ დონეებზე ღია მმართველობის მსჯელობისას დებატებში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრე საზოგადოებას თბილისის მაგალითზე კარგი მმართველობის მექანიზმებზე და მთავარი ქალაქების ეკოპოლიტიკის რეგულაციაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ისაუბრებს.
დებატები ასევე, ისეთ თემებზე მოეწყობა, რომლებიც ზეწოლის ქვეშ მყოფი მერებისა და სოფლისა და ქალაქების გაყოფის პრობლემების მოგვარებას გულისხმობს.
ევროპის საბჭოს კონგრესზე დაგეგმილია ახალგაზრდა დელეგატების სიტყვით გამოსვლაც. სადაც საქართველოს – კოკა კაპანაძე თემით – ,,ახალგაზრდების სოციალური უფლებები : ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების როლი’’ წარმოადგენს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგება.
ქართული დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს 4 აპრილს დაასრულებს.
Add comment