სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა 44-ე სესია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოდან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ წარდგენილი დელეგაცია იღებს მონაწილეობას.
დელეგაცია რომელსაც ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ასევე ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრი – ლევან ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს, ათეა-ს ვიცე- პრეზიდენტის, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის – გიორგი ტყემალაძის, თბილისის, სენაკისა და ოზურგეთის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების- ოთარ გრიგოლიას, სევდია უგრეხელიძისა და თათია ნიკოლაშვილის შემადგენლობითაა დაკომპლექტებული.
სამდღიანი პლენარული სესია კონგრესის პრეზიდენტმა ლინდერტ ვერბეკმა გახსნა, რის შემდეგაც მოხსენებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია ბურიჩი წარსდგა.
ლევან ჟორჟოლიანმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საბჭოს კონსოლიდირებული ანგარიშების რეგულარული მომზადებისთვის, რომლებიც, დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების და გამწვავებული ჰუმანიტარული ვითარების მონიტორინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ლევან ჟორჟოლიანი, ასევე დაინტერესდა, ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვის ფონზე, როგორ მოხდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის ანგარიშების მიწოდება, სადაც ასახული იქნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჩადის.
დელეგაციის ხელმძღვანელმა, ასევე მადლობა გადაუხადა სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც საქმეზე “მამასახლისი რუსეთის წინააღმდეგ” დაადგინა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს 2008 წლამდეც ახორციელებდა.
დღესვე, დელეგაციის ხელმძღვანელმა, თემაზე „რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, კონგრესის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთი ერთსა და იმავე პოლიტიკას აწარმოებს. მისივე თქმით, საქართველოს მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არის მტკიცე და შეუქცევადი. ლევან ჟორჟოლიანმა იმ დახმარებაზეც ისაუბრა, რასაც საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყებიდან დღემდე უწევს.
„ უკრაინელი ხალხის ტანჯვა დამთრგუნველია და დიდხანს დატოვებს კვალს თითოეულ ჩვენგანზე. აუცილებლად უნდა იქნეს და იქნება კიდეც პასუხისმგებლობა აღებული სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. საქართველოს მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არის მტკიცე და შეუქცევადი. საქართველო სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის მიმართ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ ასევე მტკიცე პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებით, როგორც ორმხრივ ასევე საერთაშორისო პლატფორმებზე. გარდა იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს ისტორიული მეგობრობა აკავშირებთ, ჩვენ ასევე ვიზიარებთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საერთო გზას. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები განაგრძობენ მუშაობას კიევში, ოდესასა და ლვოვში ხალხის დასახმარებლად.
საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას ომის დაწყებიდან, ასევე ეხმარება საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ამ დახმარების პროცესში ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა თავისი როლი აიღეს და დაიწყეს თანამშრომლობა კომპეტენციების მიხედვით. საქართველოში ჩვენ არ ვამბობთ – „უკრაინელი ლტოლვილები“, ჩვენ ვამბობთ – „უკრაინელები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ“, ჩვენ ვცდილობთ როგორც სამთავრობო, ისე პიროვნულ დონეზე, მათ უსაფრთხოების განცდა შევუქმნათ“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მანვე, საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის რუსეთის აგრესიის გამანადგურებელი შედეგები კარგად ნაცნობია.
სესიაზე სხვადასხვა თემების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ირგვლივ გამართულ დისკუსიებში ჩაერთნენ დელეგაციის სხვა წარმომადგენლებიც, რის შემდეგაც სხდომის მონაწილეებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის შესახებ მიიღეს დეკლარაცია.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა 44-ე სესიას, ასევე ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში – CORLEAP დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდა.
Add comment