საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნულმა კოორდინატორმა და გენდერის ექსპერტმა- ნათია ღვინაშვილმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულ შეხვედრას, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი – ნიკო თათულაშვილი უძღვებოდა.
სხდომის ძირითად თემას, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული მიღწევები, გამოწვევები და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობა წარმოადგენდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბოლო წლებში, ქალთა მიმართ და ოჯახში არსებული ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, ქვეყანაში საგრძნობლად იმატა მიმართვიანობამ. ასევე, დადებითი ტენდენცია შეინიშნება საზოგადოებაში ძალადობის მიუღებლობის მიმართულებითაც.
აღნიშნულის მიუხედავად, სხდომის მონაწილეთა განცხადებით, კვლავ ბევრია სამუშაო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გაძლიერების მიმართულებით, რაც ასევე, დანაშაულის პრევენციისა და მასზე რეაგირების პროცესში, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის გაზრდის აუცილებლობას მოიცავს.
კომისიის წევრებმა, დღესვე, ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო მიმოიხილეს და პრევენციული ზომების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რაც სახელმწიფოსა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის გზით, ქვეყნის მასშტაბით ძალადობის ფაქტების შემცირებასა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას გულისხმობს.
ნიკო თათულაშვილმა, სხდომის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ დოკუმენტი, აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტების გაძლიერებასა და ერთობლივი, ღონისძიებების გატარებაზეა ორიენტირებული, რაც მისივე განმარტებით, ხელს შეუწყობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული და ეფექტიანი მუშაობის პროცესს.
სხდომაზე, საუბარი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა მედია-გაშუქების სტანდარტების დაცვის აუცილებლობასაც შეეხო. კომისიის წევრების განცხადებით, საკითხის სპეციფიკურობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, მედია საშუალებების მხრიდან დაცული იყოს გაშუქების უმაღლესი სტანდარტები,
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული სახელმწიფო სერვისებიც მიმოიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, რომლებიც ნიკო თათულაშვილის განცხადებით, შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით, აქტიურად გაგრძელდება.
Add comment