საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში ეროვნულმა კოორდინატორმა – ნათია ღვინაშვილმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პროექტის -„2030 წლის დღის წესრიგის ინსტიტუციური ინტეგრაცია ბელორუსიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში“ფარგლებში მოეწყო.
ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრა, რომელსაც საქართველოსა და გერმანიის წარმომადგენლებთან ერთად, ბელორუსიის, მოლდოვასა და სომხეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, SDG – ლოკალიზაციისა და შესაძლებლობების გაძლიერების თემებზე მსჯელობას, კერძოდ, თანამშრომლობის შესაძლო მიზნებსა და კონკრეტული ინტეგრირებული და დარგობრივი პროექტების განხილვას, ასევე მიმდინარე წლის ნოემბერში, გერმანიაში დაგეგმილი სემინარის დღის წესრიგის დაგეგმვას დაეთმო.
როგორც ნათია ღვინაშვილმა განაცხადა, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციის პროცესში ათეას ჩართულობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, ვინაიდან ასოციაციის მთავარი მიზანი, რომელიც ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წევრი თვითმმართველი ერთეულების ინტერესების დაცვასა და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს, პირდაპირ პასუხობს იმ მთავარ პრინციპს, რომელსაც მრავალმხრივი ჩართულობის მიდგომა წარმოადგენს.
„ როგორც ცნობილია, მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ნაკრებია, რომლებზეც გაეროს ყველა წევრი ქვეყანა, უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად შეთანხმდა. ხოლო, იმისთვის, რომ არავინ დარჩეს პროცესის მიღმა, მნიშვნელოვანია, უკლებლივ ყველა რგოლის ინტერესების გათვალისწინება. სწორედ ამ ნაწილში ვიქნებით ჩვენც ჩართულები, რათა ჩვენი მანდატით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება მოვარგოთ მდგრადი განვითარების მიზნების სრულყოფილად შესრულებას“ – განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ GIZ-მა, თანამშრომლობის პარტნიორებთან IBB და LAG 21-თან ერთად, ექსპერტთა ჯგუფი შექმნა, რომელიც SDG- ლოკალიზაციისა და შესაძლებლობების გაძლიერების თემებზე იმუშავებს, რაც საქართველოსა და მოლდოვას მსგავსად, კარგი პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით, სამომავლოდ სომხეთის ჩართვასაც გულისხმობს.
ჯგუფის წევრებმა სამომავლო მიზნები განიხილეს და უახლოეს მომავალში განსახორციელებელ აქტივობებზე შეთანხმდნენ. ჯგუფის მომდევნო შეხვედრა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჯერ საქართველოში, შემდეგ კი გერმანიაშია დაგეგმილი.
Add comment