საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის 15 წლისთავზე ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – აღნიშნული განცხადება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივნმა, მარია ბურიჩმა გააკეთა.
მისი განცხადებით, ევროპის საბჭო კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას, ისევე როგორც მის სამხედრო წარმომადგენლობას რეგიონში, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
,, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, რადგან მოსახლეობა კვლავ განიცდის კონფლიქტის საზიანო შედეგებს, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში. მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, კვლავ სერიოზულად ირღვევა, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო, რომლის მომსწრეც თავად გახლდით, 3 ივლისს, ამ მხარეში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს.
რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და სრულად აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება და გამოასწოროს ადამიანის უფლებათა ყველა დარღვევა. ეს მოიცავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის პირობების შექმნას .ევროპის საბჭო მტკიცედ ერთგულია ყოვლისმომცველი, გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების და სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მიმართ. ამ კუთხით, ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრაში. ამასთან, ხელი შევუწყოთ შერიგებას, დიალოგსა და ადამიანის უფლებების დაცვას ნდობის აღდგენის ზომების (CBMs) პროგრამის მეშვეობით. მე გავაგრძელებ ჩვენი 46 წევრი სახელმწიფოს რეგულარულად ინფორმირებას საქართველოში კონფლიქტის შესახებ ჩემი კონსოლიდირებული მოხსენების მეშვეობით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია ბურიჩმა გამოაქვეყნა.
Add comment