ათეას ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა, რიგით მეშვიდე ეროვნული ასამბლეა გაიმართა, რომელიც ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა და ქალაქ თბილისის მერმა – კახა კალაძემ გახსნა.
ასოციაციის პრეზიდენტმა ევროპელ პარტნიორებსა და საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ასამბლეის ფარგლებში გამართული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, ათეა-ს თითოეული ცვლილება კიდევ უფრო ეფექტიანს და ქმედითს გახდის მის საქმიანობას, რაც პირველ რიგში, დადებითად აისახება თითოეულ მუნიციპალიტეტზე.
,,ასამბლეაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ასოციაციის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვის უნდა მიანდოს ასოციაციამ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მართვის საკითხები, რათა ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი, ქმედითი, ხელშესახებ შედეგებზე ორიენტირებული გახდეს და ხელი შეუწყოს თითოეული მუნიციპალიტეტის გაძლიერებას.
გარდა ზემოხსენებულისა, აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შევიდა ასოციაციის წესდებაშიც, რომლებიც ეხება ასოციაციის საქმიანობას და პირდაპირ აისახება ადგილობრივ თვითმმართველობებზე ქვეყნის მასშტაბით. მოგეხსენებათ, რომ ასოციაცია 2004 წლიდან მუშაობს თვითმმართველობების განვითარებისა და კოორდინაციის საკითხებზე და მისი როლი ამ პროცესში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ამის ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან“, – განაცხადა კახა კალაძემ და ასოციაციის მიერ წამოწყებულ პროექტზე – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ , გაამახვილა ყურადღება, რომელშიც დედაქალაქთან ერთად კიდევ 12 მუნიციპალიტეტია ჩართული.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული პროცესი თვითმმართველ ერთეულებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელონ, როგორც სოციალური ინკლუზიის, ასევე, თანაბარი შესაძლებლობებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით.
,,პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.
ამ მიმართულებით ქვეყანამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რაშიც ერთ-ერთ მთავარ როლს სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ითამაშებს. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ასოციაციის ეს როლი კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს და გამოკვეთოს.
მინდა წარმატება ვუსურვო ასოციაციის ყველა წევრს და საკუთარ თავსაც ამ პროცესში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
Add comment