საქართველო ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადავიდა, გადაწყვეტილება ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ბიურომ საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
“მოხარული ვარ, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ბიურომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და ევრაზიის სექციიდან ევროპის სექციაში გადავედით.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დიდი შრომა ჩადო ამ შედეგის მისაღწევად. ეს არის რეფორმების შედეგი, რასაც ახორციელებს საქართველო დეცენტრალიზაციისა და მუნიციპალური მმართველობის მიმართულებით.
მადლობას ვუხდი ჩვენ დასავლელ მეგობრების მხარდაჭერისთვის!”- განაცხადა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო კონგრესის ევროპის სექცია წარმოდგენილია ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოთი – CEMR, ხოლო ევრაზიის სექციაში ძირითადად იმყოფებიან მუნიციპალიტეტები დსთ-ის წევრი და ევროკავშირის არაწევრი ევროპული სახელმწიფოებიდან.
Add comment