საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ტყემალაძემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება, რომელიც პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით მოეწყო, საქართველოში საერობო (თვითმმართველობის) არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
გიორგი ტყემალაძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს – ზაზა გაბუნიას ფორუმის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოხდა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცენტრალური ხელისუფლების, კერძოდ პრემიერ-მინისტრის მხრიდან მკაფიოდაა გამოხატული მხარდაჭერა ცენტრალურ ხელისუფლებასა და თვითმმართველობას შორის ინსტიტუციური დიალოგის ფორუმის მიმართ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.
ამ ფორმატის კომუნიკაცია კარგი შესაძლებლობაა, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ წარმატების მაგალითები და ასევე, ერთობლივად ვიმსჯელოთ გამოწვევების დაძლევის გზებზე.
აღნიშნულის შედეგად უკვე გამოიკვეთა დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მმართველობის ევროპული სისტემის დანერგვას ემსახურება“, – განაცხადა ათეა-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.
გიორგი ტყემალაძემ ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით განხორციელებულ და სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე საკითხი გამოყო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტებზე დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შემოთავაზებული სქემის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც მისი განცხადებით, აუმჯობესებს არა მხოლოდ საშუალოვადიანი და წლიური სამოქმედო გეგმების შედგენის პროცესს და ფინანსების პროგნოზირებას, არამედ აქამდე მოქმედ მოდელთან შედარებით, 2019 წლისთვის ზრდის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი ტრანსფერის ოდენობას.
მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ასევე, ფისკალური დეცენტრალიზაციის შემდგომ დახვეწას ისახავს მიზნად.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანალოგიური ფორმატის სამუშაო შეხვედრები თვითმმართველი ორგანოების მუშაობის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ფორუმის მონაწილეებს სხვა გამომსვლელებთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტმა – კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ – ზაზა გაბუნიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიმართეს.
სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი – თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.
Add comment