საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პირველმა ვიცე პრეზიდენტმა – გიორგი ტყემალაძემ, ათეა-ს ვიცე პრეზიდენტთან – თამარ ტალიაშვილთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა პალატის წარმომადგენლებთან – ნინო ქავთარაძესთან და სევდია უგრეხელიძესთან, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან – მაია ცქიტიშვილთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 35-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ტყემალაძემ ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს 2018 წლის ანგარიშში საქართველოს დადებითად შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება.
,,მოხარული ვარ, რომ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა 2018 წლის ანგარიშში დადებითად შეაფასა საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
ანგარიშში, რომელიც ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 35-ე სესიაზე მოვისმინეთ, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოში დემოკრატიის გაუმჯობესების ჭეშმარიტად გამოხატული პოლიტიკური ნება არსებობს.
კონგრესის 35-ე სესიაზე საქართველოს შესახებ ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია გამოყოფილი. კერძოდ, მომხსენებლები მიესალმებიან ადგილობრივი თვითმმართველობის მოდერნიზაციისა და დეცენტრალიზაციის რეფორმების ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებას, მერების პირდაპირი არჩევის წესის შემოღებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის გამყარებას კონსტიტუციაში, აუდიტის სისტემის მოდერნიზებას და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლობითი როლის ოფიციალურად ცნობას.
ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის მომხსენებლები დადებითად აფასებენ ასევე, საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი მექანიზმების შექმნას, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური პოტენციალის გაძლიერებას.
საგულისხმო და მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა შეიმუშავა. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ამ რეკომენდაციებს. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ სტრასბურგში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი წარმატებული და ნაყოფიერი იყო.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო სესიაზე საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის სიტყვით გამოსვლა. მან დეტალურად და ამომწურავად ისაუბრა ქვეყნის რეგიონების განვითარებასა და მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციაზე.
აქვე, მინდა მივულოცო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტს, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს – თამარ ტალიაშვილს ევროსაბჭოს ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის რეგიონთა პალატის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა.
დარწმუნებული ვარ, რომ ევროსტრუქტურებთან ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
Add comment