ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოწვევების განხილვის მიზნით, ევროპის საბჭოს კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის მოეწყო, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ტყემალაძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა – ნატალია ვიტოვამ, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენელმა – რაფაელ ბენიტესიმ, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა – ნიკო თათულაშვილმა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა – ალექსანდერ კარნერიმ.
საქართველოს წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოსა და საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი და ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც, მათივე განმარტებით, ქვეყნის პრიორიტეტებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
გამომსვლელებმა, ასევე, კონგრესის რეკომენდაციის – “გარემოს დაცვის ძირითადი უფლება: საკითხი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებისთვის” მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ აღნიშნული პლატფორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელს შეუწყობს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეძლონ გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ინოვაციური მიდგომების იდენტიფიცირება.
მათივე განცხადებით, შეხვედრა ემსახურება მუნიციპალიტეტების გამოცდილებების გაცვლას უფრო მწვანე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნის პროცესში, რაც, თავის მხრივ, ადგილობრივ დონეზე მდგრადი ცვლილების მომტანი იქნება.
შეხვედრის პირველი სესია, ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა კონგრესის ანგარიშისა და მასში მოცემული კონკრეტული წინადადებების გაცნობას დაეთმო,
ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრმა – ლევან ჟორჟოლიანმა და იტალიის ქალაქ კასტელ მაჯორეს მერმა – ბელინდა გოტარდიმ, დამსწრე საზოგადოებას ევროსაბჭოს მიერ ინიციირებული რეკომენდაციები გააცნეს, რაც კონგრესის სხდომაზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული.
გამომსვლელების განცხადებით, ანგარიში, რომელშიც საერთაშორისო დონეზე გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული პრობლემებია წარმოდგენილი და განხილული, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში, კლიმატის ცვლილებებით წარმოქმნილ გამოწვევებს შეეხება.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დოკუმენტში, ჯანსაღ გარემოზე მისაწვდომობა და მისი დაცვა, განხილულია, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება, მაშინ როდესაც, არაერთი ქვეყნის კონსტიტუციასა თუ სხვა სამართლებრივ აქტებში, აღნიშნული საკითხი არაა დეკლარირებული ფუნდამენტურ უფლებად. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, რომელთა შორისაც ერთ-ერთი საქართველოა და რომლის გამოცდილებაც, აღნიშნულ ანგარიშში, საუკეთესო მაგალითის სახითაა წარმოდგენილი.
დღესვე, შეხვედრის მონაწილეებმა კონგრესის მიერ ინიციირებული – ,,ადამიანის უფლებები, გარემო და მდგრადი განვითარება: ადგილობრივ ხელისუფალთა სახელმძღვანელო’’ განიხილეს, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ადგილობრივმა ექსპერტმა – ანა არგანაშვილმა წარმოადგინა.
მონაწილეებმა, ასევე იმსჯელეს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გაცემულ პრაქტიკულ რეკომენდაციებზე და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული სტრატეგიებისა და მოქმედებების განსახორციელებლად, საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
ღონისძიებაზე, თვითმმართველობების წარმომადგენლებმა, ადგილობრივ დონეზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებაც ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული კარგი პრაქტიკები გაუზიარეს.
სამუშაო შეხვედრა, რომელიც დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსმა – მარიტე მორასმა და ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ შეაჯამეს.
აღნიშნული ღონისძიება პროექტის- “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების, მათი ეროვნული ასოციაციისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობას, რათა მათ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენა შეძლონ.
Add comment