სტამბოლში, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ, ევროპის საბჭოს კონგრესში წარდგენილი ქართული დელეგაცია – ათეა-ს პირველი ვიცე- პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის – გიორგი ტყემალაძის, ასევე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების, ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილისა და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრის – ლევან ჟორჟოლიანისა და ევროპის საბჭოს კონგრესში ქართული დელეგაციის წევრის – ოთარ გრიგოლიას შემადგენლობით იღებდა მონაწილეობას.
კომიტეტის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ ძირითად საკითხად – ,, გარემოს დაცვის ფუნდამენტური უფლებები: ყურადსაღები ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის“, ანგარიში განიხილებოდა, ლევან ჟორჟოლიანი, იტალიელ კოლეგასთან – ბელინდა გოტარდისთან ერთად, თანამომხსენებლად წარსდგა.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების კუთხით, კონგრესის კომიტეტების მიერ ერთიანი სტრატეგიის განსაზღვრას და ასევე, ამ მიმართულებით, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დოკუმენტის მომზადებას გულისხმობდა, საქართველოს ეკუთვნის.
ანგარიში, რომელშიც გარემოს დაცვის პრობლემები საერთაშორისო დონეზეა განხილული, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებით წარმოქმნილ გამოწვევებს შეეხება.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან, ჯანსაღ გარემოზე მისაწვდომობა და მისი დაცვა, განხილულია, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ არაერთი ქვეყნის კონსტიტუციასა თუ სხვა სამართლებრივ დოკუმენტში, აღნიშნული არაა დეკლარირებული როგორც ფუნდამენტური უფლება.
მიუხედავად ამისა, ამავე ანგარიშში, ქართული დელეგაციის ინიციატივით, გამონაკლისის სახით აისახა საქართველოს გამოცდილება, როგორც საუკეთესო მაგალითი, რაც ზემოთ აღნიშნულს, ფუნდამენტური უფლების ჭრილში განიხილავს და წარმოადგენს.
ქართული დელეგაციის წევრმა- ლევან ჟორჟოლიანმა, სიტყვით გამოსვლისას, დამსწრე საზოგადოებას, ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ კლიმატური ცვლილებები ხელისუფლების ყველა დონის საერთო პასუხისმგებლობაა.
„ჩვენ როგორც ადგილობრივად არჩეული წარმომადგენლები, მზად ვართ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, თუმცა, ასევე ვფიქრობთ, რომ ჩვენი როლი უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაში უნდა იყოს კანონმდებლობით აღიარებული.
მინდა აღვნიშნო, რომ კლიმატური ცვლილება ხელისუფლების ყველა დონის საერთო პასუხისმგებლობაა, რადგან მუნიციპალიტეტები და რეგიონები ცენტრალური ხელისუფლების მთავარი პარტნიორები არიან გარემოს დაცვის გლობალური ვალდებულებების შესრულებაში. ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების დონეზე, ჩვენ ვართ გარემოსთან დაკავშირებული ისეთი სერვისების მიმწოდებლები, როგორიც არის ჰაერის დაბინძურების რეგულირება და ჭარბი ხმაურის შეჩერება, ნარჩენების მართვა, ტრანსპორტი, სუფთა სასმელი წყლის მიწოდება და სივრცითი დაგეგმარება,“ – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
დღესვე, ქართული მხარის ინიციატივით, კონგრესის წევრ ქვეყნებს მიეცათ რეკომენდაცია წაახალისონ ე.წ. „მწვანე მშენებლობა“, რაც ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალით მშენებლობის წარმოებას გულისხმობს.
ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ – გუდრუნ მოსლერ ტოენსტროემ, სტამბოლისა და ბუიუქჩეკმეჯის მერებთან ერთად გახსნა, შეხვედრის მონაწილეებმა სხვა თემებთან ერთად, წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მონიტორინგის საკითხები და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები განიხილეს.
კომიტეტის წევრებმა, ასევე, უკრაინის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს.
Add comment