ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) განცხადება უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს წევრები უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან“
ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) გმობს რუსეთის მიერ პროვოცირებულ სამხედრო ფორმირებას უკრაინის სასაზღვრო ქალაქებსა და რეგიონებში და მათ მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ მუქარას უკრაინის წინააღმდეგ.
„ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ახალ საფრთხეს უქმნის უკრაინას და ამავდროულად მთლიანად რეგიონის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და დემოკრატიას.
ქვეყანაში ომის საშიშროების გამო, ზარალდება უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლება, რაც ხელს უშლის მათი ქალაქებისა და რეგიონების დემოკრატიულ განვითარებას, ადგილობრივი საჯარო სერვისების გამართულ ფუნქციონირებას და მოქალაქეებზე სათანადო ზრუნვას. გარდა ამისა, ომის საშიშროების გამო, შესაძლოა შეიზღუდოს დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმების განხორციელება, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინელ ხალხს, ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც 2014 წლის რუსეთის ინტერვენციის შედეგად ძალიან დაზარალდნენ და დღეს ცხოვრება უწევთ სამხედრო შეტევის მოლოდინის საფრთხის ქვეშ.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს სრულ და ურყევ მხარდაჭერას უკრაინის და აღმოსავლეთ სამეზობლოს ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ეს პრინციპები ჩამოყალიბებულია საერთაშორისო შეთანხმებაში, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი რუსეთიც გახლავთ და წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოების საფუძველს.
ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის მიერ გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების პაკეტის ამოქმედებას უკრაინაში. მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს და ეროვნულ მთავრობებს გაერთიანდნენ, ისაუბრონ ერთხმად და გააძლიერონ უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება, რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან მოქალაქეებთან და კონფლიქტისა და ენერგო-შანტაჟის მხარდამხარ აგრძელებენ მოსახლეობის დახმარებას.
CEMR ევროპის მუნიციპალიტეტებთან და რეგიონებთან ერთად გააგრძელებს უკრაინის ქალაქების ასოციაციის (AUC) და უკრაინის საოლქო და რეგიონული საბჭოების ასოციაციის მხარდაჭერას, რომლებიც წარმოადგენენ თვითმმართველობის ხმას ევროპულ ინსტიტუტებში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის განვითარების მხარდაჭერას, შევიტანთ წვლილს დეცენტრალიზაციის პროცესში და გავზრდით კავშირებს ქალაქებსა და რეგიონებს შორის. ჩვენ, ასევე, გამოვხატავთ ჩვენს ურყევ სოლიდარობას გაერთიანებული ტერიტორიული თემების ასოციაციისადმი (AATC)’’.
Add comment