ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში (CORLEAP) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – ზურაბ აბაშიძემ, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს გენერალურ მდივანთან, ფაბრიციო როსისთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებული ინიციატივები მიმოიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.
ზურაბ აბაშიძემ საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის უპირველეს პრიორიტეტს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და მის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს, რა მიმართულებითაც ბოლო წლებში არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა.
CORLEAP-ის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხელშეწყობით მთელ საქართველოში – როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – სხვადასხვა მასშტაბური ერთობლივი პროექტი ხორციელდება. რაც მისივე განცხადებით, თავის მხრივ, ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების უმთავრეს წინაპირობას ქმნის.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორგანიზაციასთან „გაერთიანებული ქალაქები და ადგილობრივი მთავრობები“ არსებული პარტნიორობის გაძლიერებას. მხარეებმა ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით საკონსულტაციო შეხვედრები დაგეგმეს.
შეხვედრის დასასრულს ფაბრიციო როსიმ ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაღრმავებისა და ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის განხორციელების საქმეში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.
Add comment