ბრიუსელში ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელიც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ – ზურაბ აბაშიძემ, ევროპის რეგიონების კომიტეტის პრეზიდენტთან – ვასკო ალვეს კორდეიროსთან ერთად გახსნა.
ზურაბ აბაშიძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) რეგიონული პარტნიორების გაერთიანებისთვის კვლავ სიცოცხლისუნარიანი ფორმატია და სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, წევრებს შორის მოკავშირეობისა და უსაფრთხოების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა მეტად უნდა გაძლიერდეს. როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველომ უკვე შეუწყო ხელი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ დისკუსიებს.
ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების უკიდურესად რთულ გარემოზე.
,,რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, არის ტრაგიკული მოგონება რუსული აგრესიისა და ომებისა, რაც ჩვენმა ქვეყანამ, არც ისე შორეულ წარსულში, ბოლოს 2008 წელს, საკუთარ თავზე გამოსცადა, როდესაც რუსეთის ახლადაღორძინებული ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის პირველი მსხვერპლი გავხდით. ნათელია, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინის მიმართ იდენტურ პოლიტიკას ატარებს. საქართველოში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უამრავი ადამიანი დაშავდა, ხოლო 3.7 მილიონიან ქვეყანას ნახევარი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი შესძინა. სწორედ ამიტომ, მტკიცედ ვდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მანვე სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო და ერთგული პარტნიორია.
„ვსარგებლობ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ ევროკავშირის მიმართ გულითად მადლიერებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია და საქართველოს მიერ ღია და ინკლუზიური პროცესით არის მართული. ჩვენს კარგ პროგრესს ამ კუთხით, ასევე ადასტურებს კომისიის ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მიერ შესრულებული საშინაო დავალების საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს, რასაც მოჰყვება ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
CORLEAP-ის ბიუროს სამუშაო შეხვედრისას განხილული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის განვითარების ახალი ინიციატივები. მონაწილეებმა იმსჯელეს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობის შესაძლებლობებზე უკრაინაში კოლეგების მხარდასაჭერად. ბიუროზე განიხილეს CORLEAP-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლებლობები.
სხდომის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძე გაუძღვა დისკუსიას თემაზე „ელექტრონული სერვისები მოქალაქეებისთვის ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე”. მან ასევე ბიუროს სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია CORLEAP-ის მომავალი ყოველწლიური შეხვედრისა და სხვა დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
დღესვე, ბიუროს წევრების წინაშე მოხსენებით გამოვიდა ათეას ექსპერტი და ევროსაბჭოს კონგრესის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი – ნინო ზურაბიშვილი.
ნინო ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ანგარიშის პროექტის – „ელექტრონული სერვისები მოქალაქეებისთვის ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე” პირველადი ვერსია გააცნო, რომლის საბოლოო განხილვაც, მიმდინარე წლის სექტემბერში, ქალაქ ბათუმში დაგეგმილ CORLEAP-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი 2022 წლის ოქტომბერში მიენიჭა. მასში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი და როტაციის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, თანათავმჯდომარის სტატუსის გადაბარება აღნიშნულ ქვეყნებს შორის ხდება.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთა და თვითმმართველობათა კონფერენციაში (CORLEAP) 2011 წელს გაწევრიანდა. მასში მონაწილე ქართული დელეგაციის ახალი შემადგენლობა კი, ათეა-ს აღმასრულებელმა საბჭომ 2022 წლის მარტში დაამტკიცა.
Add comment