საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების ქსელის (NALAS) და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმის (PLATFORMA) ორგანიზებით, ბრიუსელში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრა, რომელიც ათეასა და ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციების, კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მიზნით მოეწყო, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა – დავით მელუამ, პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან – მარლენ სიმეონთან და კელმენ ზაჯაზთან ერთად გახსნა.
გამომსვლელებმა ღონისძიების მიზანზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ შეხვედრა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ასოციაციების შესაძლებლობებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
მათივე განცხადებით, მრავალმხრივი პარტნიორობის ასეთი ფორმატი ქმნის მყარ საფუძველს, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას და საერთო ინტერესთა სფეროებში გამოცდილებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საუკეთესო შესაძლებლობებს.
შეხვედრის გახსნითი ნაწილის შემდეგ, PLATFORMA-ის წარმომადგენელმა – ბელა ცხელიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) პროგრამა წარუდგინა და წინა წლებში განხორციელებულ რეფორმებთან ერთად სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ძირითადი ნაწილი ათეა-ს მიერ სადისკუსიოდ შერჩეული თემების – ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის მიმართულებებს დაეთმო.
აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციებით წარდგნენ ათეას წარმომადგენლებიც და შეხვედრის მონაწილეებს, აღნიშნული მიმართულებით, ასოციაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
პროექტის წარმომადგენელმა – ელენე ჩხეიძემ, ათეასა და UNICEF-ის ერთობლივ პროექტზე ,,მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ბავშვზე და ბავშვიან ოჯახზე მორგებულ სოციალურ პროგრამირებაში” გაამახვილა ყურადღება და ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაფუძნებული სოციალური პროგრამირებისა და ასევე, სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების დანერგვის შესახებ ისაუბრა. მანვე, დეტალურად მიმოიხილა სოციალური საჭიროებების შეფასების მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები, რომლებიც ათეას ექსპერტებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებისა და ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ მარეგულირებელ ჩარჩოზე დაყრდნობით შეიმუშავეს.
ელენე ჩხეიძემ, ათეას მიერ, 2018 წელს დაფუძნებული საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ყოველწლიური კონკურსის მნიშვნელობაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ სამიზნე მუნიციპალიტეტების წახალისების მიზნით, BPP პროგრამას, წელს კიდევ ერთი თემა – საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამირება დაემატა.
ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა – ტატიანა ბოკუჩავამ კი, პრეზენტაცია – “მუნიციპალიტეტების როლი კლიმატის ცვლილებების ზემოქმედების შერბილაბაში” წარადგინა და შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ინიციატივა გააცნო, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, ევროსაბჭოს კონგრესის სხდომაზე ქართულმა დელეგაციამ გააჟღერა.
აღნიშნული ინიციატივა გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების კუთხით, ევროსაბჭოს კონგრესის კომიტეტების მიერ ერთიანი სტრატეგიის განსაზღვრასა და ამ მიმართულებით, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ანგარიშის მომზადებას ისახავდა მიზნად.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ანგარიში, ევროსაბჭოს კონგრესის სესიაზე, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული.
ტატიანა ბოკუჩავამ პრეზენტაციისას, ათეას, როგორც გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობისა და მწვანე დღის წესრიგის ხელშემწყობი ორგანიზაციის როლზეც გაამახვილა ყურადღება და ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის – ,, მწვანე ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა – შავი ზღვის აუზის განვითარების საფუძვლები“ ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მანვე, დამსწრე საზოგადოებას, გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ადგილობრივ დონეზე დანერგილი პროგრამები გააცნო და კონკრეტული მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები წარუდგინა.
პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა საკუთარი წინადადებები და რეკომენდაციები გააჟღერეს და სამომავლოდ კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ქართული მხრიდან ასევე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები – ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტი – ნინო რუხაძე და ევროპის საბჭოს კონგრესში დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი – ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
Add comment