15 ივნისს, თბილისში, ჩატარდა პირველი კონფერენცია „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერება საქართველოში“, რომელსაც დაესწრნენ ეკონომიკური პროფილის სამინისტროების, თვითმმართველობების, კერძო და სამოქალაქო სექტორის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენციაზე განხილულ იქნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ცენტრალური და ადგილობრივი ინსტიტუციების თანამშროლობით მიღებული გამოცდილება, სამომავლო განვითარების პერსპექტივები და ფოთსა და სენაკში ერთობლივად განხორციელებული ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ინიციატივები.
ღონისძიება დაფინანსებული იყო შვეიცარიის მთავრობის მიერ და იგი მოეწყო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის და საკონსულტაციო კომპანია „მეზოპარტნერის“ მიერ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ფართომასშტაბიანი ღონისძიება ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამ გახსნა, რის შემდეგაც კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის დირექტორმა, დოქტორმა დანიელ მევლიმ.
გამომსვლელებმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერებისა და მისი ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“საქართველოს რეგიონების განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობა ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს შვეიცარიელ პარტნიორებთან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ქართული მოდელის შესაქმნელად.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი სამინისტრო მუნიციპალიტეტებს მხარს უჭერს მათი განვითარების დოკუმენტების შემუშავებაში, რომელშიც მკვეთრად გამოხატული იქნება, როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ასევე, გამოკვეთილი იქნება მუნიციპალიტეტის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაიგეგმოს ის პროგრამები, რომლებიც უნიკალური იქნება ამა თუ იმ მუნიციპალიტეტისთვის “, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.
,,ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება ინკლუზიური ზრდის წინაპირობაა. ჩვენი მიზანია, რეგიონები ეკონომიკურად გავაძლიეროთ, რათა უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება და მეტი ინკლუზიურობა. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. რეგიონებში ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი კატალიზატორია ტურიზმის სფეროში მიმდინარე აქტივობები. მისი შემდგომი განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც სექტორიდან მიღებული შემოსავლების დამატებული ღირებულების ზრდას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
,,შვეიცარია მხარს უჭერს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც სთავაზობს პლატფორმას საქართველოს ყველა საკვანძო აქტორს, რათა ხელი შეუწყონ და მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილებები ეკონომიკური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად საქართველოს სხვადასხვა ჯგუფებსა და ადგილობრივებს შორის. ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება, როგორც ასეთი, ქმნის საფუძველს უფრო ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისთვის“, – განაცხადა დანიელ მევლიმ.
ქალაქ ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ დამსწრე საზოგადოებას ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარების გამოცდილება წარუდგინა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ კი, მის მუნიციპალიტეტში საჯარო-კერძო დიალოგის პრაქტიკაზე ისაუბრა.
კონფერენციაზე, ადგილობრივი განვითარების ძირითადი ეროვნული ჯგუფის წევრებმა, ასევე ბიზნეს ასოციაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხში სისტემური მიდგომის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კონცეფცია მოითხოვს აქტორებს შორის მაღალ კოორდინაციას და ფართო სპექტრის ჩართვას შესაბამისი პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში.
,,ეს პროექტი მნიშნელოვანი იყო იმდენად რამდენადაც მან შექმნა ადგილობრივი დონეზე კერძო-საჯარო დიალოგის კარგი პრეცედენტი და საშუალება მოგვცა კიდევ ერთხელ გაგვეაზრებინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის როლი ადილობრივი ეკონომიკური განვითარების მისაღწევად“- განაცხადა დავით მელუამ.
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, შვეიცარიის მთავრობა კვლავ გააგრძელებს საქართველოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას საჯარო და კერძო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიის წარმომადგენლებს შორის დიალოგის გაღრმავების გზით.
Add comment